ღვინის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, საქართველოში იმპორტირებული ყურძნის კონცენტრატის მნიშვნელოვანი ნაწილი მშრალი ღვინის დასატკბობად და მისგან ნახევრად ტკბილი კატეგორიის ღვინის საწარმოებლად გამოიყენება - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში ყურძნის ტკბილის ძირითადი იმპორტიორები ღვინის კომპანიები არიან.

„დარგის განვითარებისათვის პრიორიტეტულია ქართული ღვინის ხარისხის შენარჩუნება და ზრდა. დღეისათვის, იმპორტირებული ყურძნის ტკბილის საკმაოდ დიდი რაოდენობა გამოიყენება ქართულ მეღვინეობაში. მოთხოვნიდან გამომდინარე კი მზარდია პროდუქტის იმპორტი, რაც ხელს უშლის ქართული წარმოების განვითარებას.

კონცენტრირებული ყურძნის ტკბილი გამოიყენება ღვინის ტიპის შესაცვლელად, მაგალითად, მშრალი ღვინის ბაზაზე ისეთი ღვინის საწარმოებლად, როგორებიცაა ნახევრად ტკბილი „ალაზნის ველი“, „ფიროსმანი“. დღეისათვის ქვეყანაში ამ ნედლეულის გამოყენებით მნიშვნელოვანი რაოდენობის პროდუქცია მზადდება, თუმცა არ ხორციელდება კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის აღრიცხვა ან/და სერტიფიცირება“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.