კონფიდენციალური მიმოწერის დასაცავად Signal-მა მობილურ აპლიკაციაში ეკრანის გადაღების შეზღუდვა დანერგა. გადაწყვეტილების მიზანია, ოპერაციულ სისტემებში ინტეგრირებულმა ხელოვნური ინტელექტის აგენტებმა მომხმარებლების პირად შეტყობინებებზე წვდომა ვერ მიიღონ. ამის შესახებ Signal-ის პრეზიდენტმა მერედით უიტაკერმა განაცხადა.
მისი განმარტებით, Apple-ისა და Google-ის ოპერაციულ სისტემებში ინტეგრირებულ AI ასისტენტებს, მათ შორის Siri-სა და Gemini-ს, მომხმარებლის ეკრანზე არსებული ინფორმაციის წაკითხვა და დამუშავება შეუძლიათ. ამ პროცესში პირადი მიმოწერა შესაძლოა მოწყობილობის ლოკალურ ბაზაში ან დისტანციურ სერვერზე აღმოჩნდეს, რაც Signal-ის კონტროლს სცდება და შეტყობინებების ყველა მონაწილეს უქმნის კონფიდენციალურობის დაკარგვის საფრთხეს.
უიტაკერის განცხადებით, ოპერაციულ სისტემებში ხელოვნური ინტელექტის აგენტების ინტეგრაცია Signal-ისთვის „ეგზისტენციალურ საფრთხეს“ წარმოადგენს. მისი თქმით, ეკრანზე არსებული ინფორმაციის სკანირებით AI აგენტებს შეუძლიათ, დაშიფრული მიმოწერის შინაარსი აპლიკაციის დაცული გარემოდან გაიტანონ. Signal-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ Apple-მა, Google-მა და Microsoft-მა აპლიკაციების დეველოპერებს უნდა მისცენ მკაფიო ტექნიკური საშუალებები, რათა მათ ხელოვნური ინტელექტის სისტემებს მომხმარებელთა მონაცემებზე წვდომა შეუზღუდონ.
ახალი შეზღუდვა iOS 27-ზე მოქმედებს, ხოლო Android-ზე სისტემა ეკრანის დაცვას ავტომატურად ააქტიურებს, როდესაც AI ასისტენტის მხრიდან ეკრანის წაკითხვის მცდელობას აღმოაჩენს. მომხმარებლებს დაცვის გამორთვა პარამეტრებიდან შეუძლიათ, თუმცა Signal აფრთხილებს, რომ ამ შემთხვევაში მათი და მიმოწერის სხვა მონაწილეების მონაცემები AI სისტემებისთვის ხელმისაწვდომი შეიძლება გახდეს. კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ ეკრანის გადაღების აკრძალვა პრობლემის სრულად გადაჭრას ვერ უზრუნველყოფს, რადგან AI აგენტებს მონაცემებზე წვდომის სხვა გზებიც შეიძლება ჰქონდეთ.