"არაერთხელ მითქვამს, რომ რუსეთისთვის უკრაინის მოვლენები დაკავშირებულია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ფუნდამენტურ საფრთხეებთან. მეტიც. ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით და ვთვლით უკრაინელ ერს - ეს არაერთხელ მითქვამს - მოძმედ - როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს დღევანდელ პირობებში," - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან, ომის დასრულების საკითხებზე მოლაპარაკების შემდეგ ალიასკაში განაცხადა. 

მისი მტკიცებით, ყველაფერი, რაც ხდება, რუსული მხარისთვის ტრაგედია და მძიმე ტკივილია. 

"დონალდ ტრამპთან დავამყარეთ ძალიან კარგი, პირდაპირი კონტაქტი. ჩვენ არაერთხელ და ღიად ვისაუბრეთ ტელეფონით. რუსეთში რამდენჯერმე გვეწვია აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, ბატონი უიტკოფი. რეგულარული კონტაქტი ჰქონდათ ჩვენს დამხმარეებსა და საგარეო უწყების მეთაურებს. როგორც კარგად მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი გახლდათ სიტუაცია უკრაინის გარშემო. ვხედავთ აშშ-ს ადმინისტრაციისა და პირადად პრეზიდენტი ტრამპის სწრაფვას, უშუამდგომლონ უკრაინის კონფლიქტის გადაჭრას, მის (ტრამპის) სურვილს, ჩაეძიოს კონფლიქტის არსს და გაიგოს მისი წარმომავლობა.

არაერთხელ მითქვამს, რომ რუსეთისთვის უკრაინის მოვლენები დაკავშირებულია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ფუნდამენტურ საფრთხეებთან. მეტიც. ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით და ვთვლით უკრაინელ ერს - ეს არაერთხელ მითქვამს - მოძმედ - როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს დღევანდელ პირობებში. ჩვენ გვაქვს ერთი ფუძე და ყველაფერი, რაც ხდება, ჩვენთვის ტრაგედია და მძიმე ტკივილია. ამიტომ, ჩვენი ქვეყანა გულწრფელადაა დაინტერესებული ამ ყველაფრის დასრულებით.

მაგრამ, ამასთან ერთად, იმისთვის, რომ უკრაინის დარეგულირება მდგრადი და ხანგრძლივი იყოს, საჭიროა კრიზისის ძირეული მიზეზების ამოძირკვა, რის შესახებაც არაერთხელ გვისაუბრია. გათვალისწინებული უნდა იყოს რუსეთის ყველა ლეგიტიმური შეშფოთება, უნდა აღდგეს სამართლიანი ბალანსი უსაფრთხოების სფეროში ევროპასა და მთელ მსოფლიოში.

მე ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს. მან დღეს ისაუბრა ამაზე. რომ, უპირობოდ, უზრუნველყოფილი უნდა იყოს უკრაინის უსაფრთხოებაც. რა თქმა უნდა. ამაზე სამუშაოდ მზად ვართ.

მსურს იმედი ვიქონიო, რომ მიღწეული ურთიერთგაგება მოგვცემს საშუალებას, მივუახლოვდეთ იმ მიზანს და გახსნის გზას უკრაინაში მშვიდობისკენ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კიევსა და ევროპულ დედაქალაქებში ამ ყველაფერს კონსტრუქციულად მიუდგებიან და არ შეუშლიან ხელს, არ იქნება პროვოკაციის მცდელობები ან კულისებს მიღმა ინტრიგები, ჩაშალონ მიღწეული პროგრესი," - თქვა პუტინმა ტრამპთან შეხვედრის შემდეგ.