აშშ-სა და რუსეთს გრძელი გზა აქვთ გასავლელი, მაგრამ პრეზიდენტების შეხვედრა პროგრესია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ალასკაზე აშშ-რუსეთის სამიტზე რუსულ მედიას განუცხადა.

„ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ პროგრესი არის“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

კითხვაზე, დადებით გავლენას მოახდენს თუ არა ალასკაზე გამართული შეხვედრა უკრაინაში სამშვიდობო პროცესზე, მარკო რუბიომ უპასუხა, რომ „იმედოვნებს, ეს ასე იქნება“.

„ვიმედოვნებთ, რომ ეს ასე იქნება. სწორედ ამიტომ გვქონდა შეხვედრა“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მარკო რუბიომ იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების მორიგი შეხვედრა მალე შედგება.

მზად ვართ პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან ევროპული მხარდაჭერით სამმხრივი სამიტის ჩატარების მიმართულებით ვითანამშრომლოთ, - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ევროპელი ლიდერები ავრცელებენ.

„დღეს დილით, პრეზიდენტმა ტრამპმა, 15 აგვისტოს, ალასკაზე რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ ჩვენ და პრეზიდენტ ზელენსკის გვაცნობა. ლიდერები მიესალმნენ პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას, რათა შეაჩეროს მკვლელობები უკრაინაში, დაასრულოს რუსეთის აგრესიული ომი და სამართლიან და მდგრად მშვიდობას მიაღწიოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროპელი ლიდერების განცხადებით, უკრაინას საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად მყარი უსაფრთხოების გარანტიები უნდა ჰქონდეს.

„მივესალმებით პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას, რომ აშშ მზად არის უსაფრთხოების გარანტიები გასცეს. არანაირი შეზღუდვა არ უნდა დაწესდეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა ან მესამე ქვეყნებთან მის თანამშრომლობაზე. უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე რუსეთს არ შეიძლება ვეტოს დადების უფლება ჰქონდეს“, - აცხადებენ ლიდერები.

განცხადების თანახმად, უკრაინამ საკუთარი ტერიტორიის შესახებ გადაწყვეტილებები თავად უნდა მიიღოს.

უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება. სანამ უკრაინაში მკვლელობები გრძელდება, ჩვენ რუსეთზე ზეწოლის გასაგრძელებლად მზად ვართ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, გერმანიია კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა აწერენ.

დღეს მსოფლიო უფრო უსაფრთხოა, ვიდრე გუშინ, - ასე ეხმაურება უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ალასკაზე, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას.

„წლების განმავლობაში ვხედავდით, თუ როგორ ანადგურებდა ორი ბირთვული სახელმწიფო თანამშრომლობის ჩარჩოებს და ერთმანეთს არამეგობრულ მესიჯებს უგზავნიდა. ახლა ეს დასრულდა“, - წერს ვიქტორ ორბანი X-ზე.

ცნობისთვის, ალასკაზე, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „შეთანხმებას ბევრ საკითხზე მიაღწია“.

„ბევრ საკითხზე შევთანხმდით, ვიტყოდი, რომ უმეტესობაზე. ზოგიერთ დიდ საკითხზე ბოლომდე ვერ შევთანხმდით, მაგრამ წინ წავიწიეთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევამ უკრაინაში ომის დასრულება, როგორც არასდროს, დააახლოვა.

გავრცელებულ განცხადებაში კირ სტარმერი აღნიშნავს, რომ შემდგომ ნაბიჯებში ჩართული უნდა იყოს ვოლოდიმირ ზელენსკი და რომ მშვიდობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მის გარეშე შეუძლებელია.

„პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევამ უკრაინაში რუსეთის უკანონო ომის დასრულებასთან დაგვაახლოვა, როგორც არასდროს. მისი ლიდერობა მკვლელობების დასრულებისკენ სწრაფვაში დადებითად უნდა შეფასდეს. მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი მიღწეულია, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს შემდგომი მოლაპარაკებები პრეზიდენტ ზელენსკის ჩართულობით. უკრაინაში მშვიდობისკენ მიმავალი გზა მის გარეშე ვერ გადაწყდება“, – აღნიშნულია სტარმერის განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის ლიდერის თქმით, დილით ესაუბრა პრეზიდენტ ზელენსკის, პრეზიდენტ ტრამპს და სხვა ევროპელ პარტნიორებს და ყველანი მზად არიან, მხარი დაუჭირონ ამ შემდეგ ფაზას.

„მივესალმები შეერთებული შტატების ღიაობას, ევროპასთან ერთად უზრუნველყოს უკრაინისთვის უსაფრთხოების მყარი გარანტიები ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში. ეს მნიშვნელოვანი პროგრესია და გადამწყვეტი იქნება პუტინის შეკავებისთვის, რათა ის არ დაბრუნდეს მეტისთვის. ამასობაში, ვიდრე ის არ შეწყვეტს თავის ბარბაროსულ თავდასხმას, ჩვენ გავაგრძელებთ მისი საომარი მანქანის ხრახნების შეზღუდვას კიდევ უფრო მეტი სანქციით, რამაც უკვე იქონია სადამსჯელო გავლენა რუსეთის ეკონომიკასა და მის მოსახლეობაზე. უკრაინისადმი ჩვენი ურყევი მხარდაჭერა გაგრძელდება, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, – აცხადებს სტარმერი.

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრამ უკრაინაში მშვიდობის იმედი გააჩინა, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელანიმ განაცხადა. მისი თქმით, იმედის სხივი გაჩნდა.

„საბოლოოდ გაჩნდა იმედის სხივი უკრაინაში მშვიდობის განსახილველად. იტალია თავის წვლილს ასრულებს დასავლელ მოკავშირეებთან ერთად“, – აღნიშნა ჯორჯია მელონიმ.

"აუცილებელია გაგრძელდეს უკრაინის მხარდაჭერა და შენარჩუნდეს ზეწოლა რუსეთზე მანამ, სანამ მისი აგრესიული ომი გრძელდება და მანამ, სანამ არ დამყარდება მყარი და მდგრადი მშვიდობა, რომელიც პატივს სცემს უკრაინის უფლებებს" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი წერს.

მაკრონი მზადყოფნას გამოთქვამს ამერიკასთან ერთად წვლილი შეიტანოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების განმტკიცებაში. 

"ნებისმიერი მდგრადი მშვიდობა უნდა იყოს მტკიცე უსაფრთხოების გარანტიებით გამყარებული. ამ მხრივ მივესალმები შეერთებული შტატების მზადყოფნას, შეიტანოს თავისი წვლილი. ჩვენ ვიმუშავებთ მათთან და ყველა ჩვენს პარტნიორთან „მსურველთა კოალიციაში“, რომლის ფარგლებშიც  კვლავ მალე შევხვდებით, რომ მივაღწიოთ კონკრეტულ წინსვლას. ასევე გადამწყვეტია გაკვეთილების სწავლა გასული 30 წლის გამოცდილებიდან, განსაკუთრებით კი რუსეთის დამკვიდრებული ტენდენციიდან, არ შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები.
საფრანგეთი მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით", - წერს მაკრონი სოციალურ ქსელში

ტრამპი-პუტინის შეხვედრამ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების სტანდარტიზაცია დაიწყო და იგივე ნაბიჯია საჭირო ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობებშიც – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.

სლოვაკეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, პრეზიდენტებმა ალასკაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყეს და ეს არის პროცესი, რომელიც ასევე დიდი ხაფანგია ევროკავშირისთვის.

„მომდევნო დღეები გვიჩვენებს, მხარს დაუჭერენ თუ არა კავშირის მთავარი მოთამაშეები ამ პროცესს და უკრაინის კონფლიქტს სწრაფ დასრულებამდე მიიყვანენ. ან გაგრძელდება თუ არა ევროპული სტრატეგია, რომელიც ამ კონფლიქტის მეშვეობით რუსეთის დასუსტებას ცდილობს კიევისთვის ყველა შესაძლო დახმარების გაწევით“, – განაცხადა ფიცომ.

ალასკაში შეხვედრის დროს რუსეთის პრეზიდენტმა პირადად და დეტალურად გადასცა აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინაში კონფლიქტის დასრულების პირობები, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ტელეგრამარხში წერს.

როგორც მედვედევი აღნიშნავს, სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებაზე მომავალი შედეგის მიღწევაზე პასუხისმგებლობა კიევსა და ევროპას დააკისრეს.

„შეხვედრა ალასკაში. პირველი შედეგები: 1. აღდგენილია რუსეთსა და აშშ-ს შორის უმაღლესი დონის შეხვედრების სრულფასოვანი მექანიზმი. მშვიდი, ულტიმატუმებისა და მუქარების გარეშე; 2. რუსეთის პრეზიდენტმა პირადად და დეტალურად გადასცა აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინაში კონფლიქტის დასრულების ჩვენი პირობები; 3. თითქმის სამსაათიანი შეხვედრის შედეგად თეთრი სახლის ხელმძღვანელმა უარი თქვა რუსეთზე ზეწოლის ესკალაციაზე. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით; 4. მნიშვნელოვანია: შეხვედრამ აჩვენა, რომ მოლაპარაკებები შესაძლებელია წინასწარი პირობების გარშე და სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაგრძელების პარალელურად; 5. მთავარი: ორივე მხარემ სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებზე მომავალი შედეგების მიღწევაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ კიევსა და ევროპას დააკისრა“, – წერს დიმიტრი მედვედევი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენცია შეთანხმების გამოცხადების გარეშე დასრულდა.

დაახლოებით 12 წუთიანი საუბრის განმავლობაში ლიდერს პრეზიდენტებმა ილაპარაკეს პროგრესზე, თუმცა შეთანხმების საკითხები თუ დეტალები არ გამოუცხადებიათ.

ამის შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ FOX News-სთან ექსკლუზიური ინტერვიუში განაცხადა, რომ "იგეგმება ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა, რომელსაც, შესაძლოა, თავადაც დაესწროს".

ტრამპს შეხვედრის შესაძლო თარიღზე, ადგილმდებარეობაზე ან სხვა დეტალებზე არ უსაუბრია, თქვა, რომ "ახლა ყველაფერი ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა გადაწყვიტოს". ამის შემდეგ, უკვე დღეს ტრამპი ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტსაც. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მხარს უჭერსპრეზიდენტ ტრამპის წინადადებას უკრაინა-ამერიკა-რუსეთის სამმხრივ შეხვედრაზე.

ზელენსკი ორშაბათს ვაშინგტონში ჩადის - უფრო მეტი დეტალი უკვე ზელენსკის და ტრამპის შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.