ალასკაზე გასამართი ტრამპი-პუტინის შეხვედრის წინ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბნენ, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ევროპული პოზიციის ფონზე, რომელიც „მშვიდობის პროცესიდან“ კიევის არგარიყვას გულისხმობს, უკრაინასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა „ნეკროფილიას“ დაემსგავსა.
„ევრო-იდიოტები ცდილობენ ხელი შეუშალონ ამერიკულ ძალისხმევას, რომელიც უკრაინის კონფლიქტის მოგვარებისკენ არის მიმართული“, - დაწერა კვირას რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა სოციალურ ქსელში.
„აშშ-ს აქვს ძალა და უფლება, აიძულოს რუსეთი, სერიოზულად მიუდგეს მოლაპარაკებებს“, - განაცხადა ევროპის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა და იქვე დასძინა, რომ „აშშ-სა და რუსეთს შორის ნებისმიერი შეთანხმება უკრაინისა და ევროკავშირის ინტერესებსაც უნდა ითვალისწინებდეს, რადგან, ამ შემთხვევაში, საქმე როგორც უკრაინის, ისე მთელი ევროპის უსაფრთხოებასაც ეხება“.
ამავდროულად, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ აღნიშნა, რომ შეთანხმება არ შეიძლება შეიცავდეს უკრაინის ტერიტორიებზე რუსეთის კონტროლის იურიდიულ აღიარებას, თუმცა, შესაძლოა, საუბარი იყოს დე-ფაქტო აღიარებაზე. მან სიტუაცია შეადარა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილ ვითარებას, როდესაც შეერთებულმა შტატებმა ბალტიის ქვეყნების (ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი) დე-ფაქტო საბჭოთა კონტროლი აღიარა, მაგრამ მათი ანექსია იურიდიულად არ ცნო.
ევროპას გარიყვის საფრთხე ემუქრება
ამერიკული ტელეარხი CNN-ი ციტირებს ევროპელი დიპლომატის გაფრთხილებას იმის თაობაზე, რომ ევროპას „ემუქრება გარიყვის საფრთხე, თუ ის არ გამოიმუშავებს აშშ-ის ზეწოლისგან თავისუფალ იდენტობას, რასაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკვე რვა წელია ითხოვს“.
შაბათს დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და ევროკომისიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ კვლავ ერთგული ვართ იმ პრინციპის, რომ საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს“. განცხადებას პოლონეთმა და ფინეთმაც მოაწერეს ხელი.
თუმცა, ევროპელი ლიდერების მიერ შაბათს ლონდონიდან გამეორებული ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა, როგორც ტერიტორიული საკითხის განხილვის წინაპირობა, ვლადიმერ პუტინმა უკვე უარყო. გარდა ამისა, უცნობია, დათანხმდება თუ არა კრემლი ევროპული „გარანტორი ძალების“ რაიმე ფორმით არსებობას იმ პირობებში, როდესაც ნატო-ს ნებისმიერ წევრს ასეთ ძალებში წვლილის შეტანა ეკრძალება.
პუტინის მოთხოვნები
ალასკის სამიტამდე ყველა ვერსიისა და სცენარის საერთო ელემენტი ის არის, რომ პუტინი მოითხოვს უკრაინული ძალების გაყვანას დონეცკის ოლქის ყველა იმ ტერიტორიიდან, რომელიც მათ ჯერ კიდევ უკავიათ. მასში შედის საკვანძო ქალაქები: სლავიანსკი, კრამატორსკი და კონსტანტინოვკა.
„ასეთი მოთხოვნის მიღება აიძულებს უკრაინას, მიატოვოს დონეცკის რეგიონში 2014 წლიდან არსებული მთავარი გამაგრებული თავდაცვის ხაზი, რაც მას მომავალში ახალი აგრესიის საფრთხის წინაშე დააყენებს“, - აცხადებს ვაშინგტონში დაფუძნებული ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW).
შთამბეჭდავია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ნევილ ჩემბერლენსა და ადოლფ ჰიტლერს შორის 1938 წლის მიუნხენის შეთანხმებასთან მიმართებაში გავლებული პარალელები. როგორც ცნობილია, ჩეხოსლოვაკიაში ნაცისტების შეჭრის შემდეგაც კი, ჩემბერლენი ირწმუნებოდა, რომ მას სჯეროდა ჰიტლერის შემდეგი დაპირების: „ეს არის ბოლო ტერიტორიული პრეტენზია, რომელიც ევროპას უნდა წარვუდგინო“.
„მოლაპარაკების ხაფანგი“
„დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან უკრაინის ჯარების გაყვანის მოთხოვნა არის ამ მოლაპარაკების ხაფანგი“, - აღნიშნა კიევში მცხოვრებმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა, ვოლოდიმირ ფეშჩენკომ, რომელმაც არ გამორიცხა, რომ უკრაინამ, შესაძლოა, „შეინარჩუნოს სუვერენიტეტი“ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე იმ პირობით, თუ რუსეთს, მათზე გავლით, ყირიმთან წვდომის უფლებას მისცემს.
წყარო: 1 არხი