Reuters-ის ინფორმაციით, ვაშინგტონში განიხილება შესაძლებლობა, გადაიხედოს ამერიკის შეერთებული შტატების მრავალწლიანი პოზიცია ფოლკლენდის კუნძულების საკითხზე, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ. მიზეზად სახელდება ის, რომ დიდი ბრიტანეთი სრულად არ ჩაერთო აშშ-ის სამხედრო ოპერაციებში ირანის წინააღმდეგ. საკითხი მხოლოდ ტერიტორიული დავა აღარ არის — ის უკვე დასავლური ალიანსის შიგნით ეკონომიკური და პოლიტიკური ძალთა ბალანსის თემად იქცა.

დიდი ბრიტანეთის პასუხი მყისიერი იყო. პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის ოფისმა განაცხადა, რომ კუნძულებზე სუვერენიტეტი ბრიტანეთს ეკუთვნის და მოსახლეობის თვითგამორკვევის უფლება ფუნდამენტურია. ეს მკაფიო გზავნილია, რომ ლონდონი საკითხს არც დიპლომატიური და არც პოლიტიკური ზეწოლით არ დათმობს.

მაგრამ რეალურად უფრო მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფონი ჩანს.

ფოლკლენდის კუნძულები სამხრეთ ატლანტიკაში მდებარეობს და აქვს მნიშვნელოვანი თევზჭერის რესურსები, ენერგეტიკული პოტენციალი, საზღვაო ლოგისტიკური ღირებულება და ანტარქტიდისკენ სტრატეგიული გასასვლელი მდებარეობა. ამიტომაც, ვისაც კუნძულებზე გავლენა აქვს, მას შეუძლია მომავალში იმოქმედოს სავაჭრო მარშრუტებზე, საზღვაო უსაფრთხოებაზე, ნედლეულის რესურსებზე და სამხრეთ ნახევარსფეროს გეოეკონომიკურ ბალანსზე.

თუ ვაშინგტონი ასეთ საკითხს მოკავშირეზე ზეწოლის ბერკეტად იყენებს, ეს ნიშნავს, რომ იწყება ახალი ეტაპი, სადაც უსაფრთხოების პარტნიორობა პირდაპირ ეკონომიკურ ერთგულებას უკავშირდება. სხვა სიტყვებით, თუ პარტნიორი ქვეყანა ამერიკის სამხედრო პოზიციას არ იზიარებს, ზეწოლა შეიძლება მის ეკონომიკურ თუ ტერიტორიულ ინტერესებზე გადავიდეს.

ეს განსაკუთრებით მგრძნობიარეა ნატოსთვის. ალიანსი ისტორიულად კოლექტიურ უსაფრთხოებაზეა აგებული, თუმცა ახლა ჩნდება კითხვა — ხომ არ გადაიქცევა ის სივრცედ, სადაც პოლიტიკური ერთგულება ფინანსური, სავაჭრო და სტრატეგიული პრივილეგიებით ფასდება.

არგენტინამ უკვე ისარგებლა მომენტით. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მზად არიან ლონდონთან მოლაპარაკებების განახლებისთვის. ეს მიუთითებს, რომ ვაშინგტონის ერთი სიგნალიც კი საკმარისია ძველი გეოპოლიტიკური დავების ხელახლა გასაცოცხლებლად.

ისტორიულად, 1982 წლის ომში ამერიკის შეერთებული შტატები საბოლოოდ დიდი ბრიტანეთის მხარეს დადგა. დღეს კი თავად ამ პოზიციის შესაძლო გადახედვაზე საუბარი ნიშნავს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში მუდმივი არაფერია — განსაკუთრებით მაშინ, როცა სამხედრო ინტერესებს ეკონომიკური პრაგმატიზმი ცვლის.

რომ შევაჯამოთ, გამოდის, რომ საქმე აღარ ეხება მხოლოდ რამდენიმე კუნძულს სამხრეთ ატლანტიკაში. საქმე ეხება იმას, ცვლის თუ არა ვაშინგტონი დასავლურ თამაშის წესებს — სადაც პარტნიორობა ფასდება მხარდაჭერით, ხოლო უარი შესაძლოა ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფასით დასრულდეს.

ანალიტიოკოსები შიშობენ, რომ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, მსოფლიო შეიძლება შევიდეს ეპოქაში, სადაც ალიანსები ღირებულებებზე კი არა, გარიგებებსა და ინტერესებზე აშენდება.

წყაროები