ამერიკული მედია Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ კვირაში აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, სატელეფონო საუბრის დროს შესთავაზა ირანიდან გამდიდრებული ურანის რუსეთში გატანა და სანაცვლოდ ომის დასრულება. ტრამპმა, წყაროს ცნობით, უარით უპასუხა.
აშშ-სა და ისრაელის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ირანის 60%-მდე გამდიდრებული 450 კგ ურანის საფრთხის უვნებელყოფაა. ამ რაოდენობის გამდიდრებული ურანის მეშვეობით მხოლოდ რამდენიმე კვირაში 10-ზე მეტი ბირთვული ბომბის დამზადებაა შესაძლებელი.
რუსეთის შეთავაზებით, ირანის ურანს ქვეყანაში აშშ-ს ზედმეტი სამხედრო ძალის გამოყენების გარეშე გაიტანდნენ.
როგორც Axios-ის წყარო ამბობს, ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროს პუტინმა აშშ-ირანის ომის დასრულების რამდენიმე იდეა დაასახელა. მათ შორის ერთ-ერთი იყო ურანის გატანის შეთანხმება. წყარომ ასევე აღნიშნა, რომ ეს არ ყოფილა პირველი მსგავსი შეთანხმება, თუმცა აშშ-ს პოზიციით, მათ ურანის უსაფრთხო ხელში ყოფნა სჭირდებათ. აშშ-მ რუსეთისგან მსგავსი შეთავაზება გასული წლის მაისშიც მიიღო.
Axios-ის აქამდე გავრცელებული ცნობების მიხედვით, აშშ და ისრაელი ირანში ბირთვული ნივთიერების ხელში ჩასაგდებად სპეციალური დანიშნულების რაზმების გადასხმას განიხილავენ.