აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა New York Post-სთან საუბრისას განაცხადა, რომ იანვრის დასაწყისში ნიკოლას მადუროს დაკავების სპეცოპერაციის დროს გადამწყვეტი როლი ახალმა საიდუმლო იარაღმა ითამაშა. ტრამპი ამ იარაღს ე.წ. "დისკომბობულატორს" უწოდებს, რაც ინგლისურად ვინმეს დაბნევას ნიშნავს.
ტრამპის თქმით, აღნიშნულმა იარაღმა "[მტრის] აღჭურვილობა მწყობრიდან გამოიყვანა," როცა ამერიკული ვერტმფრენები კარაკასის საჰაერო სივრცეში მადუროს დასაკავებლად შეიჭრნენ.
"დისკომბობულატორი. არ მაქვს ამის შესახებ ლაპარაკის უფლება." - განაცხადა ტრამპმა ექსკლუზიურ ინტერვიუში.
"რაკეტები ვერც გაუშვეს. მათ რუსული და ჩინური რაკეტები ჰქონდათ და ერთიც კი ვერ გაუშვეს. ჩვენ მივედით, მათ ღილაკებს დააჭირეს და არაფერმა იმუშავა. ყველა მათგანი გამზადებული იყო ჩვენთვის." - დაამატა ტრამპმა.
მანამდე მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ამერიკულმა ძალებმა მადუროს დაკავების დროს უცნობი იარაღი გამოიყენეს, რის შედეგადაც მადუროს დაცვის წევრებს "ცხვირიდან სისხლდენა" და "სისხლის ღებინება" დაეწყოთ.