ავტომწარმოებელმა Mercedes-Benz-მა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების დეველოპერმა Binghatti-მ დუბაიში ახალი ქალაქის - "Mercedes-Benz Places | Binghatti City"-ს ოფიციალური პრეზენტაცია წარადგინეს - ეს მსოფლიოში ავტომწარმოებლის ბრენდის ქვეშ შექმნილი პირველი ქალაქი იქნება.
დუბაიში, ნად ალ შებას რაიონში დაგეგმილი პროექტი 30 მილიარდი დირჰამის, დაახლოებით 8.2 მილიარდი დოლარის ინვესტიციას მოიცავს და 930 000 მ²-ზე მეტ ფართობზე განხორციელდება.
ეს Binghatti-სთვის პირველი სრულად დაგეგმარებული უბანია და, რეგიონში ოდესმე დაანონსებული ბრენდირებული საცხოვრებელი პროექტებიდან, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. პროექტი სამ ეტაპად განხორციელდება.

"Binghatti City" დაპროექტებულია, როგორც სრულფასოვანი ურბანული დასახლება და არა როგორც ცალკეული კოშკი ან შენობათა ჯგუფი. გენერალური გეგმა საცხოვრებელ და გასართობ ელემენტებს Mercedes-Benz-ის დიზაინით შექმნილ ერთიან იდენტობაში აერთიანებს. დეველოპერების განცხადებით, ქალაქის მიზანია ბრენდირებული ცხოვრების სტილის ახლებურად განსაზღვრა, რაც არქიტექტურაში, საჯარო სივრცეებსა და მცხოვრებთა ყოველდღიურობაში საავტომობილო ბრენდის ღირებულებების გადმოტანას გულისხმობს.
კომპლექსი მოიცავს როგორც კომპაქტურ სტუდიოებს, ისე ვრცელ სამოთახიან ბინებს. შერჩეულ კოშკებში განთავსდება ოთხ და ხუთსაძინებლიანი რეზიდენციებიც, რომლებიც მაღალი შემოსავლის მქონე მყიდველებზეა გათვლილი. ეს მრავალფეროვნება სხვადასხვა დემოგრაფიული ჯგუფის - პროფესიონალებიდან დაწყებული, ოჯახებით დამთავრებული - მოზიდვას ისახავს მიზნად, ერთიანი ლუქს სტანდარტის შენარჩუნებით.
ერთ-ერთი მთავარი ელემენტია კოშკი "Vision Iconic", რომელიც Mercedes-Benz-ის უახლეს კონცეპტუალურ ქმნილებად მიიჩნევა. შენობაში პრემიუმ კლასის ოთხ და ხუთსაძინებლიანი სახლები განთავსდება. კოშკი ქალაქის ვიზუალური ღუზის ფუნქციას შეასრულებს და ფორმით, მასალებითა თუ დეტალებით პროექტის საავტომობილო იდენტობას გაუსვამს ხაზს.

პროექტის ცენტრში სპირალური ფორმის კოშკი განთავსდება, რომელიც ქალაქის მთავარი სავიზიტო ბარათი გახდება. სტრუქტურა მოძრაობასა და ინოვაციას განასახიერებს, რაც Mercedes-Benz-ის მემკვიდრეობას ეხმიანება. დეველოპერები მასშტაბისა და რთული გეომეტრიის გამო მას რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ საცხოვრებელ ნაგებობად მოიხსენიებენ.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი გენერალური გეგმის მიხედვით, არქიტექტურულად სინქრონიზებული 12 კოშკი "გრანდ პრომენადის" გარშემო განლაგდება. ეს ცენტრალური მწვანე სივრცე დიდ პარკს წარმოადგენს, რომელიც გარემოსდაცვით ცნობიერებასა და კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. ის მოიცავს წყლის ელემენტებს, ჩრდილიან ხეივნებს, ხელოვნების პავილიონებს, აქტივობების ზონებსა და სხვა.
დაახლოებით 13 000 ბინის მცხოვრებლებს 12 ექსკლუზიურ სპორტულ კლუბთან, დახურულ გამაჯანსაღებელ ცენტრებთან და განაშენიანებაში გადანაწილებულ საერთო საზოგადოებრივ სივრცეებთან ექნებათ წვდომა.
