ნოსტალგია ძველი სათამაშოების მთავარი ხიბლია და თავისი "ფავორიტი" ყველა თაობას ჰყავს. 70-იანი წლების ბოლოს ბავშვები "ვარსკვლავური ომების" ფიგურებით თამაშობდნენ, 80-იანებში "ტრანსფორმერების" ეპოქა დაიწყო, 90-იანებში კი ყველას მოლაპარაკე "ფურბი" უნდოდა.

თუმცა, ნოსტალგიის მიღმა, სათამაშოებს ნამდვილ საგანძურად სამი რამ აქცევს: იშვიათობა, ორიგინალობა და შენახვის პირობები. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ერთ დროს იაფფასიანი სათამაშო შესაძლოა, აუქციონზე ასობით ათას დოლარად შეფასდეს.

Steiff-ისა და Louis Vuitton-ის დათუნია (2000)
ფასი: დაახლოებით $2.1 მილიონი (Christie’s აუქციონი, 2000 წ.)

ისტორიაში აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული სათამაშო ცნობილი გერმანული კომპანიის, Steiff-ისა და მოდის სახლ Louis Vuitton-ის კოლაბორაციაა. ეს არ ყოფილა სათამაშო, რომლითაც ბავშვები ითამაშებდნენ; ეს უფრო ფუფუნების სიმბოლო და განაცხადი იყო.

დათუნია უმაღლესი ხარისხის ბუნებრივი ბეწვისგან დაამზადეს და სპეციალურად მისთვის შექმნილ Louis Vuitton-ის სამოსსა და აქსესუარებში გამოაწყვეს. ყველაზე ფართოდ გავრცელებული ინფორმაციით, 2000 წელს, საქველმოქმედო აუქციონზე ის დაახლოებით 2.1 მილიონ დოლარად გაიყიდა. მყიდველი კორეელი კოლექციონერი, ჯესი კიმი აღმოჩნდა.

"ვარსკვლავური ომები": ბობა ფეტი (1979)
ფასი: $1.3 მილიონი (Goldin აუქციონი, 2024 წ.)

"ვარსკვლავური ომების" მილიონობით სათამაშო არსებობს, მაგრამ მათ უმეტესობას დღეს განსაკუთრებული ფასი არ აქვს. საკულტო ფრენჩაიზის ყველაზე ძვირად ღირებული სათამაშო "ბობა ფეტია", რომელიც 2024 წელს გოლდინის აუქციონზე 1.3 მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდა.

ბობა ფეტი "ვარსკვლავური ომების" სამყაროში ერთ-ერთი საუკეთესო თავებზე მონადირეა. ეკრანზე გამოჩენისთანავე მან ნამდვილი სენსაცია მოახდინა, მისმა პოპულარობამ კი იმდენად იმატა, რომ პერსონაჟმა საკუთარი სოლო სერიალიც კი მიიღო - "ბობა ფეტის წიგნი" (The Book of Boba Fett).

ბარბი სტეფანო კანტურისგან (2010)
ფასი: $302,500 (Christie’s აუქციონი, 2010 წ.)

ლიმიტირებული კოლექციის ბარბი სხვადასხვა აუქციონზე არც თუ ისე იშვიათად ჩნდება, მაგრამ ფასის რეკორდი უნიკალურ ეგზემპლარს ეკუთვნის, რომელიც "მულენ რუჟის" იუველირმა, სტეფანო კანტურიმ შექმნა.

თოჯინის მთავარი ღირებულება მის ყელსაბამშია: იშვიათი, 1-კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი თეთრი ბრილიანტების კუბისტური სტილის ბუდეშია ჩასმულია. 2010 წელს სტეფანო კანტურის ბარბი კრისტის აუქციონზე $302 500 დოლარად გაიყიდა.

შედარებისთვის: 1959 წელს გამოშვებული, პირველი ორიგინალი ბარბი (იდეალურ მდგომარეობაში) 2006 წელს მხოლოდ $27,000-ად გაიყიდა.

Original GI Joe 1963
ფასი: $200,000 (Heritage აუქციონი, 2003)

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების პატივსაცემად, ამერიკელმა გამომგონებელმა სტენლი ვესტონმა სამხედრო თოჯინების ხაზის შექმნა გადაწყვიტა. მისი პირდაპირი მიზანი "ბარბის" თოჯინებთან კონკურენცია იყო, ოღონდ ერთი განსხვავებით - ამჯერად სამიზნე აუდიტორიას ბიჭები წარმოადგენდნენ. იდეა სათამაშოების კომპანია Hasbro-მ აიტაცა და შექმნა 28-სანტიმეტრიანი თოჯინა - GI Joe - , რომელსაც სხეულის 28 მოძრავი ნაწილი ჰქონდა. დროთა განმავლობაში უამრავი GI Joe შეიქმნა, მაგრამ სწორედ სულ პირველი ჯარისკაცი გაიყიდა 2003 წელს, ტეხასის შტატში გამართულ აუქციონზე 200 000 დოლარად.

Mickey Mouse მოტოციკლზე (1930)
ფასი: $110,000 (Randy Inman Auctions, 2000 წ.)

მიკი მაუსი უოლტ დისნეიმ 1928 წელს შექმნა და ამ პერსონაჟის გარშემო არაერთი ანიმაცია, კომიქსი თუ ფიგურა გამოუშვა.

მათ შორის, 1920-იანი წლების ბოლოს შექმნილი მოსამართი მოტოციკლი, რომელზეც მიკი და მინი მაუსები სხედან, ნამდვილი რეკორდსმენია.

2000 წლის ოქტომბერში გამართულ აუქციონზე, ის კოლექციონერმა დონალდ კაუფმანმა 110,000 დოლარად შეიძინა. ფასი განაპირობა სათამაშოს მდგომარეობამ: თუნუქის ეს მოხატული ექსპონატი თითქმის ახალივით იყო, მუშაობდა გამართულად და რაც მთავარია - თან ახლდა ორიგინალი ყუთი.

ეს აუქციონები ადასტურებს, რომ დროთა განმავლობაში ჩვეულებრივი საბავშვო გასართობი შეიძლება სერიოზულ საინვესტიციო აქტივად და ხელოვნების ნიმუშად იქცეს. კოლექციონერები მილიონებს იხდიან არა უბრალოდ პლასტმასსა თუ ქსოვილში, არამედ იმ უნიკალურ ისტორიასა და ეპოქაში, რომელსაც ეს ნივთები ინახავენ.

bm.ge