აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებები აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის ძალიან კონსტრუქციული იყო.
„პარასკევს და შაბათს, შეერთებულმა შტატებმა უკრაინასა და რუსეთთან ერთად კოორდინირება გაუწია სამმხრივ შეხვედრას, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები მასპინძლობდა. მოლაპარაკებები ძალიან კონსტრუქციული იყო“, - დაწერა უიტკოფმა სოციალურ ქსელში.
მისი ინფორმაციით, მოლაპარაკებები მომავალ კვირასაც გაგრძელდება. შემდეგი რაუნდი სავარაუდოდ 1 თებერვალს გაიმართება.
„დაიგეგმა, რომ მოლაპარაკებები მომავალ კვირას აბუ დაბიში გაგრძელდება. პრეზიდენტი ტრამპი და მთელი მისი გუნდი მოწოდებულია, ამ ომში მშვიდობა დამყარდეს“, - წერს უიტკოფი.
ცნობისთვის, მოლაპარაკებებს კონსტრუქციული უწოდა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.
თეთრ სახლს რამდენიმე თვე დასჭირდა იმისთვის, რომ რუსები და უკრაინელები აშშ-ის შუამავლობით სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვაში დაერწმუნებინა, - Axios-ის ცნობით, ამის შესახებ ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მათი თქმით, აბუ-დაბიში მოლაპარაკებებს საფუძველი ჩაუყარა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დავოსში გამართულმა შეხვედრამ და ტრამპის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის მოსკოვში გამართულმა შეხვედრამ.
„პუტინიც და ზელენსკიც თავიანთი მომლაპარაკებლების გაგზავნაზე დათანხმდნენ. ეს აჩვენებს, ისინი თვლიან, რომ პროგრესი ხდება“, - განაცხადა ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.
ამასთან, უკრაინელი ოფიციალური პირის ინფორმაციით, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებმა შეხვედრა გამართეს არა მხოლოდ სამმხრივ ფორმატში, არამედ ისინი პირდაპირ, ამერიკელების გარეშეც შეხვდნენ ერთმანეთს.
ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, დავოსში ორდღიანი მოლაპარაკებების დროს ყველა საკითხი განიხილეს - რუსეთის ტერიტორიული მოთხოვნები დონბასში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებული დავა და ის, თუ რა სახის დეესკალაციური ნაბიჯები იქნება საჭირო მხარეებისგან.
„ყველაფერი განიხილეს. არცერთი საკითხი არ დაგვიტოვებია განხილვის მიღმა. დიდი პატივისცემა დავინახეთ, რადგან ისინი ნამდვილად ეძებდნენ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.
უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი მომავალ კვირას აბუ დაბიში გაიმართება. ამერიკელი ოფიციალური პირის ინფორმაციით, შემდეგი რაუნდი, სავარაუდოდ, 1-ელ თებერვალს შედგება.