პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი სათავეში უნდა ჩაუდგეს ევროკავშირის იმ ქვეყნების კოალიციას, რომლებიც ბლოკის ფუნდამენტური რეფორმირებისკენ ისწრაფვიან. ამავდროულად, ნავროცკი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსული იმპერიალიზმი კრემლის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან ერთად არ დასრულდება.

პოლონეთის პრეზიდენტი, კაროლ ნავროცკიფოტო: ჯუსტინ ტალისი / საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“

პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წინაშე გამოსვლისას, კაროლ ნავროცკიმ გააკრიტიკა ევროკავშირის შიგნით არსებული ცენტრალიზაციის ტენდენციები, მათ შორის - „მწვანე შეთანხმება“, მიგრაციული პოლიტიკა და „მერკოსურის“ სავაჭრო ხელშეკრულება. ის „ჯანსაღი ევროპული ინტეგრაციისკენ სვლის“ მოწოდებით გამოვიდა, რომელიც ძლიერ ეროვნულ სუვერენიტეტზე იქნება დაფუძნებული.

„პოლონეთი უნდა იდგეს რეფორმების ბანაკის ავანგარდში, რომელიც ღიაა ყველა იმ სახელმწიფოსთვის, ვისაც ამჟამინდელი პოლიტიკის გაგრძელება არ სურს, მაგრამ არც გაერთიანებული ევროპის იდეას ეწინააღმდეგება, - განაცხადა მან, - მე მინდა ძლიერი პოლონეთის ხილვა ჯანსაღ ევროკავშირში“.

საგარეო პოლიტიკასა და თავდაცვაზე საუბრისას, ნავროცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის იმპერიული ამბიციები მის სახელმწიფო იდენტობაშია გამჯდარი და ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მმართველობის შემდეგაც გაგრძელდება.

„რუსული იმპერიალიზმი არ არის ანომალია ან მხოლოდ პუტინიზმი. ეს არის ისტორიაში, გეოგრაფიასა და პოლიტიკურ კულტურაში ფესვგადგმული სახელმწიფო მექანიზმი, - განმარტა მან, - საკუთარი მოქალაქეების დევნის გარდა, რუსეთის მიზნად კვლავ რჩება ტერიტორიული ექსპანსია, მასობრივი მკვლელობები და სამოქალაქო საზოგადოებაზე შეტევა“.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვის აგრესიის შეკავება მხოლოდ მოკავშირეთა ერთიანობასა და გაზრდილ თავდაცვისუნარიანობას შეუძლია. მან პირობა დადო, რომ მოახდენს რეგიონისა და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნების მობილიზებას, რათა მიიღონ კოლექტიური ზომები რუსეთის ნეოიმპერიული პოლიტიკის წინააღმდეგ.

სამხედრო თემებზე საუბრისას, ნავროცკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა პოლონეთის მზაობა, გაზარდოს შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა და თავდაცვის შესაძლებლობები კიბერშეტევების, დრონების შემოჭრის, დეზინფორმაციისა და რუსეთის მხრიდან ხელოვნური მიგრაციული წნეხის საპასუხოდ.

მან ასევე ხაზი გაუსვა სამხედრო შესყიდვების გაგრძელების მნიშვნელობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მთავარი მოკავშირეებისგან.

„სანამ ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიას ვაშენებთ, პარალელურად უნდა გავაგრძელოთ უახლესი აღჭურვილობის შეძენა გამოცდილი პარტნიორებისგან - განსაკუთრებით შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეისგან“, - განაცხადა მან.

ნავროცკი გერმანიის მიერ პოლონეთისთვის მეორე მსოფლიო ომის რეპარაციების გადახდის საკითხსაც მიუბრუნდა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ომის დასრულებიდან 80-ზე მეტი წლის შემდეგ, პოლონეთის წინაშე არსებული ვალი დღემდე გადაუხდელი რჩება.

„სამართლებრივი, მორალური, პოლიტიკური და ფინანსური პასუხისმგებლობები ძალას არ კარგავს, - თქვა მან, - მე თანამშრომლობის ხელს ვიწვდი იმ იმედით, რომ ანალოგიური შემხვედრი ჟესტიც იქნება“.

პოლონეთის პრეზიდენტმა ბერლინში ვიზიტისას გაკეთებული შეთავაზებებიც გაიხსენა, მათ შორის - გერმანიის გაზრდილი თავდაცვის ხარჯების გამოყენება აშშ-ის წარმოებული აღჭურვილობის დასაფინანსებლად, რომელიც პოლონეთს ნაწილობრივი კომპენსაციის სახით გადაეცემა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა პოლონეთის, როგორც ნატო-ს ფრონტის ხაზის სახელმწიფოს როლს რეგიონის სტაბილიზაციის საქმეში.

წყარო: პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP (Polska Agencja Prasowa),  1 არხი