აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჯერჯერობით არ აპირებს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის გათავისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის დეპარტამენტი მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივ გამოძიებას აწარმოებს.

„არ მაქვს ასეთი გეგმა. ამჟამად ჩვენ მასთან გარკვეულწილად მოლოდინის რეჟიმში ვართ და განვსაზღვრავთ, რა ვქნათ, თუმცა ჯერ ადრეა“, – განუცხადა ტრამპმა „როიტერს“.

ჯერომ პაუელს თანამდებობაზე ყოფნის ვადა მაისში ეწურება. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, პაუელის შემცვლელად, შესაძლოა, წარადგინოს ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილი გუბერნატორი კევინ უორში ან ეროვნული ეკონომიკური საბჭოს დირექტორი კევინ ჰასეტი.

„ორივე ძალიან კარგია. სხვა კარგი ადამიანებიც არიან, მაგრამ რაღაცას გამოვაცხადებ მომდევნო რამდენიმე კვირაში“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე, შესაძლოა, BlackRock-ის გლობალური ფიქსირებული შემოსავლების მთავარი საინვესტიციო ოფიცერი რიკ რაიდერი გახდეს.

ცნობისთვის, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მედიის ცნობით, პაუელის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი გამოძიების დაწყების ფორმალურ მიზეზად ვაშინგტონში მდებარე აშშ-ის ეროვნული ბანკის შტაბ-ბინის რეკონსტრუქცია დასახელდა, რაც 2.5 მილიარდი დოლარი დაჯდა. აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელს ამ სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასა და აღნიშნულ საკითხზე ანგარიშის წარდგენისას კონგრესის წევრების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებენ.

1tv.ge