McDonald’s საქართველო ქსელის გაფართოებას აგრძელებს და თბილისში, დადიანზე, ახალი რესტორანი გახსნა. თბილისის მასშტაბით 21-ე, ხოლო საქართველოში რიგით 28-ე რესტორანი, ცოტნე დადიანის #100-ში მდებარეობს.
ყოველი ახალი McDonald’s-ის რესტორნის გახსნა ნიშნავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ტერიტორიული ხელმისაწვდომობის ზრდას, მომსახურების დროის ოპტიმიზაციასა და მომხმარებლებისთვის უკეთესი სამომხმარებლო გამოცდილების შეთავაზებას. ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების გაუმჯობესების, ასევე ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერის მიმართულებით.

ახალი რესტორნის გახსნის ღონისძიება ტრადიციულად პოზიტიური ემოციებით აღინიშნა. სივრცეში მკაფიოდ იგრძნობოდა ის ღირებულებები, რომლებიც McDonald’s-ის ბრენდთან ასოცირდება — სიხარული, მეტი ღიმილი და ადამიანებზე ორიენტირებული მიდგომა. სწორედ McDonald’s საქართველოს მიზანია შექმნას გარემო, სადაც თითოეულ სტუმარს თანაბრად ხვდება კომფორტი, მეგობრული ატმოსფერო და მომსახურების მაღალი სტანდარტი — ის გამოცდილება, რომელიც McDonald’s-ის რესტორნებს ყოველთვის ახასიათებს.
“1996 წელს, როდესაც საქართველოში პირველი McDonald’s-ის შემოყვანაზე მოლაპარაკებებს ვმართავდი გლობალურ მაკდონალდსთან, ვერც კი წარმოვიდგენდი, რა შედეგებს მივაღწევდით, რამდენი რესტორანი იქნებოდა და რა მასშტაბის როლს შეასრულებდა ეს ბრენდი ქვეყნის ეკონომიკაში, ბიზნესში, ტექნოლოგიებში და განსაკუთრებით ახალგაზრდების დასაქმებასა და განათლებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანური კაპიტალი. ჩვენი სისტემა უბრალოდ მორგებული კი არ არის ადამიანის საჭიროებებს, არამედ ხშირ შემთხვევაში გაუმჯობესებულია იმ სტანდარტებთან შედარებით, რაც მსოფლიოში არსებობს. McDonald’s საქართველო დღეს McDonald’s-ის გლობალურ ქსელში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბაზრად ითვლება. ორი წლის წინ, ორლანდოში, მსოფლიოს საუკეთესო 1%-ში მოვხვდით მომსახურებისა და ხარისხის მიხედვით, ეს უკვე მეტყველებს ჩვენს ხარისხზე.” აცხადებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია.
რესტორანში მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია McCafe, ასევე MOP – მობილურის შეკვეთის სერვისი, რომელიც სტუმრებს საშუალებას აძლევს შეკვეთა წინასწარ დაგეგმონ და სწრაფად მიიღონ. აღნიშნული სერვისები ხაზს უსვამს, რომ ახალი რესტორანი სრულად არის ორიენტირებული ოპერაციულ ეფექტიანობაზე, მომსახურების სისწრაფესა და ხარისხის უწყვეტ უზრუნველყოფაზე. ის, რაც უნდა იცოდეს McDonald’s-ის ერთგულმა მომხმარებლებმა, აპლიკაციაში 18 იანვრამდე, მხოლოდ დადიანის რესტორანში ხელმისაწვდომი იქნება სპეციალური შეთავაზებები.
რესტორნის გახსნის ღონისძიებაზე მთავარი აქცენტი სოციალურ პასუხისმგებლობაზე გაკეთდა. გახსნის დღეს McDonald’s-მა უმასპინძლა ორგანიზაცია „მომავლის გზის“ ბენეფიციარებს, სოციალურად დაუცველ ბავშვებს, რომელთა სურვილებიც კომპანიას წინასწარ ჰქონდა გაზიარებული. ბავშვებისთვის ეს დღე განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა, მათ სურვილები სწორედ რესტორნის სივრცეში, უშუალოდ გახსნის ღონისძიების ფარგლებში აუსრულდათ და საჩუქრები პირადად გადაეცათ. ბავშვებზე ზრუნვა და მათი სიხარულის გაზიარება McDonald’s-ის გუნდისგან, ადამიანებზე ორიენტირებული მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილია. მსგავსი ინიციატივები კომპანიისთვის მხოლოდ ერთჯერადი აქტივობა არ არის. ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული ხედვა, რომლის მიზანიც არის ბავშვებისთვის პოზიტიური ემოციების შექმნა, მათზე ზრუნვა და იმ მცირე სურვილების რეალობად ქცევა, რომლებიც მათთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს.

ეს ინიციატივა McDonald’s საქართველოს მრავალწლიან ტრადიციას უკავშირდება. ყოველი ახალი რესტორნის კარი პირველად ბავშვებისთვის იღება.
“დადიანზე გახსნილი ახალი რესტორანი ჩვენთვის მხოლოდ ქსელის გაფართოება არ არის. თითოეული ახალი რესტორანი ნიშნავს მომხმარებლისთვის უფრო კომფორტულ და სწრაფ მომსახურებას, გაუმჯობესებულ სერვისს, უკეთეს ტერიტორიულ ხელმისაწვდომობას და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ეს არის ნაბიჯი ქალაქის განვითარების და საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებისკენ. McDonald’s საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველი ახალი რესტორანი სოციალური პასუხისმგებლობის იდეით იხსნებოდეს. სწორედ ამიტომ, უკვე ტრადიციად ვაქციეთ, რომ ახალი რესტორნის კარი პირველად ბავშვებისთვის გავხსნათ და განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ მათ, ვისაც მეტი მხარდაჭერა სჭირდება. წელს, რადგან დადიანზე რესტორნის გახსნა ახალი წლის პერიოდს დაემთხვა, გადავწყვიტეთ ეს დღე კიდევ უფრო განსაკუთრებული გაგვეხადა და ბავშვებისთვის არა მხოლოდ სიხარული გაგვეზიარებინა, არამედ მათი სურვილებიც აგვესრულებინა. გვსურს, რომ McDonald’s-ის ნებისმიერი რესტორანი მათთვის სითბოს, ყურადღების და იმედის ადგილად იქცეს.“ – აცხადებს ელენე ბაღათურია, “McDonald’s საქართველოს “მარკეტინგის ხელმძღვანელი.
ახალი რესტორნის გასახსნელად განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 6 მილიონ ლარამდე შეადგენს. ამასთან, McDonald’s საქართველოს მიერ განხორციელებული ინვესტიციების ჯამური მოცულობა 2025 წელს - 42 მლნ ლარამდე იყო.გახსნის დღიდან წლის ბოლომდე - 234 მლნ ლარამდე. რაც შეეხება ბიუჯეტში შენატანებს, 2025 წელს - 39 მლნ ლარი შეადგინა. დადიანზე გახსნილ რესტორანში 80-მდე ადამიანი დასაქმდა.
პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი, ისე სპეციალიზებული კომპანიები. სამშენებლო სამუშაოები შეასრულა „ოსტატმა“, ელექტრობისა და საინსტალაციო სამუშაოები – TSS | Technical Service Solution-მა, გამწვანებაზე იმუშავა “აგრო დეკორ სერვისმა”, ხოლო გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემები უზრუნველყო „თბილმა სახლმა“. ასევე პროექტში ჩართულნი იყვნენ: ჯითიეს ელექტრონიქსი, სოლიდიტე, ჯი-ეს ჯგუფი, არქიტექტონიქსი, ევროლიფტი, დინექსი, ბილდონი, ყავის ლაბორატორია, ITCS, სმარტნეტი და პრო ელექტრონიქსი.
McDonald’s საქართველოში აცხადებენ, რომ კომპანია მომავალშიც გააგრძელებს ქსელის გაფართოებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და სოციალური ინიციატივების ინტეგრირებას. უახლოეს გეგმებში 2 ახალი რესტორნის დამატებაა. McDonald’s საქართველო, თბილისს სცდება და ერთ ახალ რესტორანს რეგიონში, კერძოდ კი თელავში გახსნის.