„ბუტაფორიული ეკონომიკური ზრდები ლოგიკურ დასასრულამდე მიდის, რეალურად ყოველი დღე უფრო მტკივნეული იქნება თითოეული მოქალაქისათვის“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრმა, ინიციატივა „ჯერ საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკოლოზ ალავიძემ განაცხადა.

როგორც ალავიძემ განაცხადა, 2026 წელს ქვეყნის ბიუჯეტს ექნება გაუთვალისწინებელი კოლოსალური ხარჯები, რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება.

„2026 წლიდან გვიწევს მნიშვნელოვანი დანახარჯების გაწევა. 2025 წლის ბოლომდე გასარკვევი იყო არბიტრაჟის საკითხები „ინტერ რაოსთან“ და „ენკასთან“, რომლებთანაც დავმარცხდით. ეს თანხები დაგეგმილი არ იყო ამ წლის ბიუჯეტში. თებერვალ-მარტში გვიწევს ევრობონდის განახლებაც, რაც ასევე მოცულობით ხარჯებთანაა დაკავშირებული.

მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს, სახელმწიფოსა და „ინტერ რაოს“ შორის შეთანხმება იყო გასაიდუმლოებული ხელშეკრულებით. შემდეგ რაღაცები გადაკეთდა და მოხდა ისე, რომ გვიჩივლა. გვიჩივლა ხელშეკრულების დარღვევისთვის და საბოლოო ჯამში, საქმე საერთაშორისო არბიტრაჟამდე მივიდა. დაგვეკისრა 140 მილიონ დოლარამდე თანხის გადახდა, რომლის დაფარვაც გვიწევს სწორედ წლევანდელი წლიდან, რაც როგორც უკვე ვთქვი, ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული.

ვიცით ცნობილი „ქეისის“ შესახებ „ენკასთან“. ამ საკითხზეც დიდი ხანი გაგრძელდა დავა და „ნამახვანის“ ნაწილშიც დამარცხდა სახელმწიფო. აქაც დაგვეკისრა ძირ თანხას დამატებული პირგასამტეხლო, ჯარიმები და პროცენტები - თითქმის 400 მილიონ დოლარამდეა მისული. საერთაშორისო საარბიტრაჟო დავითაა უკვე გადაწყვეტილი, აღსრულებაშია ლამის გადაცემული ეს საქმე და ბიუჯეტში აუცილებლად უნდა ჩაჯდეს. ჯამში, ორივე საქმე, უხეშად რომ ავიღო, არის თითქმის 500 მილიონი დოლარის. მოლაპარაკება როგორ მოხდება, განვადება იქნება თუ ერთბაშად მოგვიწევს გადახდა, ვერ გეტყვით. თუმცა, ისიც ფაქტია, მოლაპარაკებები შესაძლებელი რომ ყოფილიყო ამ ნაწილში, არ დასჭირდებოდათ მოპასუხე მხარეებს არბიტრაჟისთვის და აღსრულებისთვის მიმართვა.

მეორე ნაწილია საერთაშორისო სესხები, რომელიც ჯანსაღი პროცესია. რა თქმა უნდა, გვჭირდება, თუმცა არის აქ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი... 2026 წლის დასაწყისში, 1-ელ კვარტალში გასდის ჩვენს ერთ-ერთ დიდ სესხს, 500-მილიონიან ევრობონდს ვადა. უნდა განვაახლოთ ან რაღაც სხვა ინსტრუმენტით ჩავანაცვლოთ. ბაზარზე შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საფასო პოლიტიკა ჩვენთვის რადიკალურად შეცვლილია. მაშინ, როცა ავიღეთ ეს სესხი, 5-6 წლის წინ, სხვა საფასო მოლოდინები იყო. ამასთანავე, სხვა პოზიციონირება გვქონდა ევროპულ ბანკებთანაც, ახლა კი სხვა მოცემულობა გვაქვს. პარტნიორებთან ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობის არხები ჩაჭრილი გვაქვს.

უნდა მოხდეს ახალი ევრობონდის გამოყოფა შესაბამისი ახალი ვადით, ახალი საფასო პოლიტიკით, რომლის მიზნობრიობაც იქნება არსებულის გადაფარვა. ეს თანხა გამოვიყენეთ ჩვენ სხვადასხვა პროექტებისთვის და ამასთან ერთად, გვამცნეს, რომ თურმე ვიღაცები იპარავდნენ კიდეც ფულს ბიუჯეტიდან. ეს სესხიც ხომ სწორედ ბიუჯეტის დამატებითი გაძლიერებაა. როგორც გითხარით, საბაზრო ფასები შეიცვალა, რაც აუცილებლად აისახება რეფინანსირებული ვალდებულების მომსახურებაზე. აქამდე წლიური საშუალო დაწოლა ბიუჯეტზე 3 მილიარდ დოლარამდე იყო, სესხის მომსახურების კოეფიციენტიდან გამომდინარე. ახალი რეალობით ეს დაწოლა კიდევ გაიზრდება. თუ მანამდე სესხი გვქონდა პირობითად 3.5%-ში, ახლა მინიმუმ 30-40%-ით ძვირი საპროცენტო განაკვეთი მოგვიწევს.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნეგატიურ გავლენას იქონიებს მოსახლეობაზე. პირველ რიგში, კარგად რომ გვესმოდეს, ბიუჯეტი არის შემოსავლების და ხარჯების ბალანსი. ჩვენი ბიუჯეტის შემოსავლების თითქმის 75%-მდე არის გადასახადები, დანარჩენი დონორებისგან დახმარებები, კრედიტები და ა.შ. კარგად ვიცით, სახელმწიფომ რა პოზიციაც დაიკავა ბოლო 2 წლის განმავლობაში. ეს არის ანტიდემოკრატიული პოზა, რის გამოც დაკარგა ძალიან ბევრი ინსტიტუციური პარტნიორი. გრანტები და საბიუჯეტო დახმარებები პირდაპირ აღარ მოდის. ამიტომაც, ქვეყანას საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, შეექმნა პრობლემები გარე წყაროებიდან თანხების მოზიდვის კუთხით. იგივეა სესხების მოზიდვის კუთხითაც. როგორც უკვე ვთქვი, სესხებზე მომსახურება გვიძვირდება, რაც პირდაპირ ბიუჯეტს დააწვება წნეხად.

ჩვენ ასევე ვაკვირდებით იმ კორუფციის მასშტაბსაც, რომელიც ოფიციალურად დადასტურებულია უკვე ქვეყანაში. ბიუჯეტის წნეხს კორუფციაც ზრდის. აქედან გამომდინარე, ბიუჯეტში შემოსავალი უფრო ნაკლებია, ვიდრე ხარჯები. შესაბამისად, ეს მოსახლეობაზე აისახება. სიცარიელე, რომელიც ამ დამატებით გადასახდელი თანხებით გაჩნდება, უნდა შეივსოს რაღაცით და შეივსება ისევ მოსახლეობის გაზრდილი გადასახადებით. სხვა ლოგიკური გამოსავალი არ იქნება. ჯადოსნური ჯოხი არ არსებობს, რომ ახალი შემოსავლები გაჩნდეს. გადასახადებს კი იხდის როგორც ბიზნესი, ასევე ჩვეულებრივი მოსახლეობა.

საერთო ჯამში, ასეთი სურათი იკვრება. ეკონომიკა საშუალო და გრძელ ვადაში უფრო და უფრო სუსტდება. მანიპულაცია ციფრებით, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი იზრდება და ეს რაღაც ბუტაფორიული ზრდები, თავის ლოგიკურ დასასრულამდე მიდის. რეალურად, ყოველი დღე უფრო მტკივნეული იქნება თითოეული მოქალაქისათვის. ვერც სამეფო სპა, ვერც სუსი და ვერც პოლიცია ვერ დაარეგულირებს გაზრდილ ფასებს“, - განაცხადა ალავიძემ.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი