„გუდაურში არ არის სახარბიელო მდგომარეობა, კურორტზე არსებული პრობლემები უცვლელია“, - ამის შესახებ „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელმა, ცოტნე ჯაფარიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, კურორტზე კვლავაც არ არსებობს ტროტუარები, საპირფარეშოები, ამასთანავე, მოსაწესრიგებელია გზები, საბაგიროები და სასრიალო ტრასები.

„გუდაურში არ არის სახარბიელო მდგომარეობა, ის პრობლემები, რომელიც ყოველ წელს არსებობს კურორტზე, ისევ უცვლელია - არ არის პარკინგი, მოუწესრიგებელია გზა, არ არსებობს ტროტუარები და საპირფარეშოები. უხერხულია ამდენი წელი ამაზე საუბარი, მაგრამ ეს არის რეალობა. საპირფარეშო ვერ მოუწყვიათ კურორტზე, რამდენი წელია ამაზე საუბარი მიდის. როგორ შეიძლება ამ ფონზე გზაზე, ტრასის გამართულობასა და საბაგიროზე ვისაუბროთ, როცა საპირფარეშოს ვერ აკეთებს სახელმწიფო“, - აღნიშნავს ცოტნე ჯაფარიძე.

რაც შეეხება მოლოდინებს, რესპონდენტი აღნიშნავს, რომ ზამთრის სეზონისთვის განსაკუთრებული მოლოდინები არ აქვთ, იქიდან გამომდინარე, რომ იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ევროპელ ტურისტებზე მუშაობენ, გასული თვეები ნაკლებად დატვირთული იყო.

„დიდი განსაკუთრებული მოლოდინი ზამთრის სეზონზე არ მაქვს. ნოემბერი-დეკემბერი საკმაოდ პასიური იყო არამარტო ჩვენს კომპანიაში, არამედ იმ კომპანიებშიც, რომლებიც ფოკუსირებულები არიან ძირითადად ევროპულ ბაზრებზე“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ცოტნე ჯაფარიძემ.

Bpn.ge