სომხეთსა და ნატოს შორის ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის თავზე, 5 ოქტომბერს მხარეები საუბრობენ პარტნიორობასა და პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობაზე კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა პლატფორმა X-ზე (ყოფილ ტვიტერზე) წერს: „დღეს 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სომხეთი ნატოს პარტნიორი გახდა. მას შემდეგ, ჩვენ ავაშენეთ ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობა აქტიური პოლიტიკური დიალოგის და პრაქტიკული ურთიერთთანამშრომლობის მეშვეობით. განსაკუთრებით მივესალმები სომხეთის დიდი ხნის განმავლობაში შეტანილ წვლილს ნატოს KFOR-ის მისიაში“.

ნატოში სომხეთის წარმომადგენლობა წერს, რომ წლების განმავლობაში სომხეთი ნატოს „ოპერაციული პარტნიორი იყო და მხარს უჭერდა ნატოს ხელმძღვანელობით ISAF-ის მისიას, ასევე მონაწილეობს კოსოვოს მისიაში 2004 წლიდან და მხარდამხარ მუშაობს ნატოს ძალებთან, რათა დაიცვას უსაფრთხოება, მხარი დაუჭიროს ჰუმანიტარულ მისიებს და დაიცვას მშვიდობა“.

„ვინაიდან ნატო მტკიცედ განაგრძობს პარტნიორი ქვეყნების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, სომხეთი აპირებს, გასული 30 წლის მიღწევებზე დაყრდნობით, გააღრმაოს თანამშრომლობა ნატოსთან ერთობლივი წვრთნებითა და თავდაცვის რეფორმებით, რაც გვამზადებს მომავალი გამოწვევებისთვის“, - წერია განცხადებაში.

3 ოქტომბერს სომხეთში იმყოფებოდა ნატოს დელეგაცია.

დელეგაციას ხელმძღვანელობდა ნატოს საერთაშორისო სამხედრო შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი იანუშ ადამჩაკი.

მან შეხვედრები გამართა სომხეთის თავდაცვის პირველ მინისტრთან და გენშტაბის უფროსთან, ასევე, თავდაცვის სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებთან.

განიხილეს ნატოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები. „სომხურმა მხარემ გააცნო მიმდინარე რეფორმები სომხეთის შეიარაღებულ ძალებში“, - იუწყება სომხური მედია.

ნატოს აწ უკვე ყოფილი გენერალური მდივანი სომხეთში 2024 წლის მარტში იმყოფებოდა, სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში. ერევანში ყოფნისას მან სომხეთი შეაქო რეფორმებისთვის და ახალი საგარეო პოლიტიკისთვის და მიესალმა უკრაინისადმი მის მხარდაჭერას, ერევანმა კი იმედი გამოთქვა, რომ ნატო თანამშრომლობის ახალ ფორმატს გაუხსნის.

სომხეთი ჯერ კიდევ არის რუსეთის გარშემო არსებული „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ წევრი, თუმცა, როგორც მთავრობა აცხადებს, წევრობა რამდენიმე თვეა, „გაყინულია“.

წყარო: რადიო თავისუფლება