პრეზიდენტი ქალ ლიდერებს ხვდება. შეხვედრა პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა.

ორბელიანის სასახლეში მთავარი განსახილველი საკითხები მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება.

შეხვედრას ესწრებოდა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე. როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ვიზიტისას საარჩევნო პროცესებზე ისაუბრეს, თუმცა აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის შესაძლო კანდიდატებზე საუბარი არ ყოფილა.

„პრეზიდენტი ახლა დაბრუნდა დასავლეთიდან, ჩვენს პარტნიორებს შეხვდა და ბუნებრივია ახლა ძალიან მნიშვნელოვანი შიდა პოლიტიკური პროცესები იწყება. პოლიტიკური კონსულტაციებიც დაიწყება, პოლიტიკურ პარტიებს შორის, პრეზიდენტის შუამავლობით. საუბარი არის თუ როგორი კონტურები უნდა ჰქონდეს ამ პროცესს, ამას კი პრეზიდენტის მონაწილეობა სჭირდება. რა თქმა უნდა, ეს არის პროცესი, სადაც პოლიტიკური პარტიები მთავარ როლს ვთამაშობთ.

რამდენიმე კვირაა დარჩენილი არჩევნებამდე და გარდამავალი პერიოდისთვის უნდა მოვემზადოთ. ეს დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ „ცაიტნოტში“ არ მოვყვეთ. ვინ იქნება ამ პროცესებში და რა როლი ექნება პრეზიდენტს, ამას მომზადება სჭირდება.

პრეზიდენტის თქმით, ჩვენ პარტნიორების მხარდაჭერა გვაქვს როგორც პოლიტიკური, ისე მატერიალური მხრივ. პრემიერ-მინისტრობის შესაძლო კანდიდატებზე საუბარი არ ყოფილა და სწორიც არ მგონია, რადგან საარჩევნო კამპანიიდან ყურადღება, კონკრეტულ პირებზე არ უნდა გადავიდეს”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საუბარი შეეხებოდა იმ პროცესს, რომლის წარმართვასაც პრეზიდენტი აპირებს.

"ვისაუბრეთ იმ პროცესზე, რომლის წარმართვასაც პრეზიდენტი აპირებს - ამაში სიახლე არაფერია, იცით ყველამ, როგორ უყურებს ის "ქართული ქარტიის" შესრულების პროცესს. ჩვენ ამ ქარტიას ხელი მოვაწერეთ, რეფორმების ნაწილს ხელი მოვაწერეთ. ვთქვით, რომ ტექნიკურ მთავრობასთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით გარკვეული სამართლებრივ-პოლიტიკური კითხვები გვქონდა და ამაზეც ვისაუბრეთ. არ ყოფილა საუბარი არც პრემიერობის და არც პოტენციური ტექნიკური მთავრობის შემადგენლობის კონკრეტულ კანდიდატებზე, უბრალოდ პრეზიდენტი აპირებს, რომ რაღაც პროცესი, რომელიც დაიწყო, გააგრძელოს გარკვეულ ფორმატში," - აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, პრეზიდენტთან კონკრეტულ დეტალებზე საუბარი არ ყოფილა.

"ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ცვლილება მშვიდად და წყნარად განვახორციელოთ. შესაბამისად, ამ ყველაფერში პრეზიდენტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. არანაირ კონკრეტულ დეტალებზე არ გვისაუბრია. მე ვრჩები ერთგული ქარტიაში გაწერილი ყველა პრინციპის, რომ პრემიერ-მინისტრი იქნება ზეპარტიული, რომ იქნება პროფესიონალების მთავრობა, ასევე, ქარტიაში წერია, რომ მათ აქვთ ორი კონკრეტული მანდატი - ევროპასთან მოლაპარაკების დაწყება და სამართლიანი არჩევნების მომზადება," - აცხადებს ელენე ხოშტარია.