ბოტანიკოსებმა ათასწლოვანი თესლიდან ბიბლიაში ნახსენები გადაშენებული ხე გაზარდეს.

CNN-ის ინფორმაციით, თესლი 1980-იან წლებში, იუდეის უდაბნოში, ერთ-ერთ გამოქვაბულში იპოვეს. რადიონახშირბადულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ის 993-1202 წლებში გაჩნდა. მის გახარებაზე კი მუშაობდნენ მეცნიერები ისრაელიდან, აშშ-დან, ავსტრალიიდან და შვედეთიდან.

ახლა ხის სიმაღლე 3 მეტრს აღწევს. მის გაზრდაზე მეცნიერებმა 14 წელი დახარჯეს, თუმცა მას ნაყოფი ჯერ არ გამოუტანია, ამიტომ სპეციალისტები ვერ ადასტურებენ, რა სახეობას მიეკუთვნება მცენარე.

თუმცა, მათი ვარაუდით, ის შეიძლება „იუდეის ბალზამთან“ იყოს დაკავშირებული, რომელიც არაერთხელ იყო ნახსენები ბიბლიაში. ბიბლიურ ტექსტებში ამ ბალზამს „ცორის“ უწოდებენ და იმ ხის ფისისგან აწარმოებდნენ, რომელიც იმ დროს საკმაოდ ძვირადღირებული იყო, მისი ექსპორტი კი რომის იმპერიის მთელს ტერიტორიაზე ხორციელდებოდა.

წყარო: იმედინიუსი