„სლოვაკეთი და უნგრეთი რუსეთისგან ნავთობისა და გაზის შესყიდვის შემცირებას არ აპირებენ, ვიდრე ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიწოდების ალტერნატიულ წყაროებს არ იპოვიან” – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.
გამოცემის თანახმად, სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრმა ბრატისლავაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვიდრე სლოვაკეთი რუსული ნავთობის იმპორტზე უარს იტყვის, ამისთვის „შესაფერისი პირობები“ უნდა შეიქმნას.
„ვიდრე სრულად შევძლებთ ვალდებულების აღებას, უნდა შევქმნათ შესაბამისი პირობები – წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა სერიოზული ზიანი მივაყენოთ ჩვენს ინდუსტრიასა და ეკონომიკას“, – განაცხადა დენისა საკოვამ.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსი, გერელი გულიასი კი ამბობს, რომ უნგრეთი უარყოფს ევროკავშირის ინიციატივებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ენერგომომარაგების უსაფრთხოებას.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მზადაა, რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დააწესოს, თუ ევროპული სახელმწიფოები იმავეს გააკეთებენ და რუსული ნავთობის შესყიდვას შეწყვეტენ.