აშშ-მ მეექვსედ დაადო ვეტო გაეროს უშიშროების საბჭოში რეზოლუციას, რომელიც ღაზაში დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებას მოითხოვს, 

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს წარმომადგენლის მოადგილის, მორგან ორტაგუსის თქმით, რეზოლუციის ტექსტი ჰამასს საკმარისად არ გმობს და არ აღიარებს ისრაელის თავდაცვის უფლებას.

"ომი ჰამასმა დაიწყო და ის არის პასუხისმგებელი მის გაგრძელებაზე. ისრაელის მიერ შემოთავაზებულ პირობებს, რომლებიც ომს დაასრულებს, ჰამასი კვლავ უარყოფს. ეს ომი დღესვე დამთავრდებოდა, ჰამასს მძევლები რომ გაეთავისუფლებინა და იარაღი დაეყარა." - განუცხადა ორტაგუსმა საბჭოს.

უშიშროების საბჭოს დანარჩენმა თოთხმეტივე წევრმა მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს, რომელიც ღაზის სექტორში არსებულ მდგომარეობას "კატასტროფულად" აფასებს და ისრაელს შეჩერებისკენ მოუწოდებს.

გაეროში ისრაელის ელჩმა, დენი დანონმა განაცხადა, რომ ისრაელი არ იყო კმაყოფილი კატარზე იერიშების შესახებ უშიშროების საბჭოს განცხადებით. "ვფიქრობ, საერთო ჯამში, აშშ-თან თანამშრომლობის დონე იმდენად მაღალია, რომ ამას შევეგუეთ". - დაამატა მან.

დანონმა ასევე აღნიშნა, რომ პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, მომავალ კვირას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ვაშინგტონში გაემგზავრება, სადაც აშშ-ს პრეზიდენტს შეხვდება. ნეთანიაჰუმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ 29 სექტემბერს შესახვედრად ტრამპმა თეთრ სახლში მიიწვია.