COSAC-ის რეგლამენტიდან გამომდინარე, დანიის პარლამენტს არ აქვს უფლება, არ მიიწვიოს საქართველოს პარლამენტი მონაწილეობის მისაღებად, თუმცა, როგორც ჩანს, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, ზოგისთვის, პოლიტიკურ გემოვნებაზე მორგებადი ტერმინია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, იქ, სადაც თვითნებობა და დეზინფორმაციაა, ვერ იქნება ევროპა.

„ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო წერილი დანიის პარლამენტის ევროპის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისგან, რომელიც გვატყობინებს, რომ არ გეგმავს საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების მიწვევას ე.წ. COSAC-ის შეხვედრაზე (ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ევროპულ საკითხთა კომიტეტების კონფერენცია). საინტერესო აქ ის არის, რომ COSAC-ის რეგლამენტიდან გამომდინარე, დანიის პარლამენტს არ აქვს უფლება, არ მიიწვიოს საქართველოს პარლამენტი მონაწილეობის მისაღებად (!), თუმცა, როგორც ჩანს, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, ზოგისთვის, პოლიტიკურ გემოვნებაზე მორგებადი ტერმინია. ამიტომ, ერთადერთი, რაც შეიძლება, ამ განზრახვას ეწოდოს, არის თვითნებობა, მის საბაბად კი საქართველოს მთავრობის არარსებულ გადაწყვეტილებაზე მითითება, ევროკავშირში ინტეგრაციის თითქოს შეჩერებასთან დაკავშირებით, უბრალოდ დეზინფორმაციაა. ხოლო იქ, სადაც თვითნებობა და დეზინფორმაციაა, ვერ იქნება ევროპა. ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ამასთან, პაპუაშვილი დანიის პარლამენტის თავმჯდომარისადმი საპასუხო წერილს ასაჯაროებს.

„გიზიარებთ, ჩემს საპასუხო წერილს დანიის პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ. თქვენო აღმატებულებავ, გწერთ, დანიის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ქალბატონი ბრიჯიტ კლინცკოვ იერკელის წერილის საპასუხოდ. მან წერილი გაუგზავნა საქართველოს პარლამენტის ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონ ლევან მახაშვილს. ქალბატონი იერკელი წერილში აღნიშნავს, რომ ის ასევე წერს დანიის პარლამენტის საფინანსო და საგარეო პოლიტიკის კომიტეტების თავმჯდომარეების სახელით. წერილიდან ირკვევა, რომ დანიის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აპირებს, არ მოიწვიოს საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) შეხვედრებზე იმ მოტივით, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა. გასაკვირია, რომ ეს საკითხი საქართველოს დელეგაციის არმოწვევის საბაბად გამოიყენება, რადგან საქართველოს მთავრობას არასდროს განუცხადებია, რომ აჩერებს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. პირიქით, საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს, რათა შეასრულოს კანდიდატი ქვეყნის წინაშე არსებული მოთხოვნები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესაბამისად. დანიის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თავის წერილში აღიარებს, რომ საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას, „აქვს უფლება, მოწვეული იყოს COSAC-ის შეხვედრებზე“. მართლაც, COSAC-ის რეგლამენტის 3.2 მუხლი ადგენს, რომ „თითოეული კანდიდატი ქვეყნის პარლამენტის სამი წევრი მოწვეული უნდა იყოს დამკვირვებლის სტატუსით COSAC-ის პლენარულ და რიგგარეშე შეხვედრებზე“ და არ შეიცავს არანაირ რეგულაციას მათ მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ. ამრიგად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს დელეგაციის მოწვევაზე უარის თქმა საქართველოს პარლამენტის COSAC-ის შეხვედრაში მონაწილეობის უფლების დარღვევაა. ამავე დროს, მინდა, აღვნიშნო, რომ დანიის პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების მიერ COSAC-ის რეგლამენტის დარღვევა ეწინააღმდეგება, უკანასკნელ პერიოდში სერიოზული გამოწვევების წინაშე მყოფი, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ნორმებსა და სულისკვეთებას. შესაბამისად, ეწინააღმდეგება ევროკავშირის ხელშეკრულებებში განსაზღვრულ ფუნდამენტურ საყრდენებს. თქვენო აღმატებულებავ, მტკიცედ მჯერა, რომ ევროპული ინტეგრაციის არსი დიალოგისა და მოსაზრებების გაცვლის ხელშეწყობაში მდგომარეობს და არა მათ დაბლოკვაში, განსაკუთრებით კი წესების დარღვევით. მზად ვართ, მომავალი თანამშრომლობისა და დიალოგისთვის. გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას“.

პირველი არხი