ოკუპირებული აფხაზეთისთვის რუსი ტურისტები შემოსავლის მთავარი წყაროა, თუმცა მიმდინარე ტურისტული სეზონი არც თუ ისე წარმატებულია. ზოგიერთი ტურისტული სააგენტოს მონაცემებით, 2025 წელს აფხაზეთში ტურისტული ნაკადი წინა წელთან შედარებით 5-7%-ით შემცირდა. რუსი ტურისტები კურორტის მიმართ პრეტენზიებსა და უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ყველაფერი ე.წ. "დოშირაკის" სკანდალით დაიწყო. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის სამინისტროს ყოფილმა წარმომადგენლმა ქრისტინა ლაკერბაიამ განაცხადა, რომ აფხაზეთს არ სჭირდება ღარიბი ტურისტები, რომლებიც ადგილობრივი პროდუქტების ყიდვის ნაცვლად, "დოშირაკით“ იკვებებიან. აღნიშნულმა განცხადება რუსი ტურისტების უკმაყოფილება გამოიწვია.
რუსული მედია წერს, რომ ულამაზესი ბუნებით, ზღვის სანაპიროებითა და სტუმართმოყვარეობით ცნობილი კურორტი უფრო ხშირად ასოცირდება თაღლითობასთან, უხარისხო სერვისსა და ანტისანიტარიასთან. სოციალური ქსელები და ტურისტული ფორუმები კი სავსეა დამსვენებლების ნეგატიური შეფასებებით.
,,წყალგარეული ღვინო, ყველგან მიმოფანტული ნაგავი და თაღლითობა ყოველ ნაბიჯზე - იქ აღარასდროს ჩავალ“, – ასე აფასებს ერთ-ერთი რუსი ტურისტი აფხაზეთში გატარებულ დასვენების დღეებს.
,,ბიჭვინთის სანაპიროზე ბოთლები, პოლიეთილენის პარკები და სიგარეტის ნამწვავები ყრია. სეზონის პიკში ძროხა შეზლონგებს შორის დადის, იქვე კი ბავშვები თამაშობენ“, - ჩივის ერთ-ერთი ტურისტი.
,,შინაური ღვინის ნაცვლად, წყალში გაზავებული, საღებავიანი სითხე მოგვყიდეს. გემო ქიმიურ კომპოტს ჰგავდა“, - წერს ერთ-ერთი ტურისტი.
,,ჩემს მეგობარს 2000 დოლარი და სხვა ნივთები მოჰპარეს. პერსონალმა უბრალოდ ხელები დაიბანა, პოლიციამ კი არაფერი იღონა“,- ვკითხულობთ ერთ-ერთ ფორუმზე.
,,უხეშობა ყველგანაა: კაფეებში გიყვირიან, საზღვარზე გამცირებენ, სასტუმროებში კი საჩივრებს უყურადღებოდ ტოვებენ“, - წერს ერთ-ერთი ტურისტი.
"სამი დღე უწყლოდ ვიყავით. ცხელი წყალი არ იყო, სინათლე ციმციმებდა, პლაჟები კი ნაგვით იყო სავსე“, - წერს ერთ-ერთი დამსვენებელი.
პლატფორმების IRecommend და TripAdvisor-ის გამოკითხვებით, 2025 წელს გაგრაში, ბიჭვინთასა და ახალ ათონში დატოვებული შეფასებებით ტურისტების 70% ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე მიუთითებს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ინფრასტრუქტურა 1990-იანი წლების დონეზეა გაჩერებული: დაზიანებული გზები, მიტოვებული შენობები და თანამედროვე კომფორტის არარსებობა ტურისტების მასობრივ გადინებას იწვევს.