რუსეთში გოეთეს ინსტიტუტის ფილიალები დაიხურება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
„გერმანელებს გოეთეს ინსტიტუტის ფილიალები აქვთ მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და ეკატერინბურგში. რა თქმა უნდა, ისინი დაიხურება მას შემდეგ, რაც ჩვენი კულტურული ცენტრი იქიდან გააძევეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ თავს პატივს აღარ ვცემთ“, – განაცხადა ლავროვმა.
„დოიჩე ველე“ აღნიშნავს, რომ გოეთეს ინსტიტუტის მესამე ფილიალი რუსეთში არა ეკატერინბურგში, არამედ ნოვოსიბირსკში მდებარეობს.
ლავროვის კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ განაცხადა და მოსკოვს აგვისტოში ლაიფციგის აეროპორტში დრონებთან დაკავშირებულ ინციდენტზე პასუხისმგებლობა დააკისრა.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდერ დობრინდტის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება იმ უპილოტო საფრენი აპარატების პარამეტრებისა და გარკვეული კომპონენტების შესწავლის შემდეგ მიიღეს, რომლებიც სხვა ჰიბრიდულ ინციდენტებში იყო გამოყენებული. საპასუხო ზომების ფარგლებში, გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა, 18 სექტემბრამდე დახუროს ქვეყანაში რუსეთის ბოლო გენერალური საკონსულო, რომელიც ბონში მდებარეობს, ასევე, შეწყვიტოს ბერლინში „რუსული სახლის“ საქმიანობის შესახებ შეთანხმება.