საფრანგეთის მთავრობამ ექსტრემალური სიცხის გამო საგანგებო გეგმა გაააქტიურა.
როგორც ცნობილია, გეგმა ამოქმედდება ქვეყნის იმ დეპარტამენტებში, სადაც „წითელი“ მეტეოროლოგიური განგაშია გამოცხადებული. ამ დროისათვის საფრანგეთის მასშტაბით 24 დეპარტამენტი განგაშის „წითელი“ დონეა გამოცხადებული, 59 დეპარტამენტში კი „ნარინჯისფერი“.
ამასთან, საფრანგეთში ექსტრემალური სიცხის შედეგად გამოწვეულ ტყის ხანძრებსაც ებრძვიან. ხანძრის რამდენიმე კერის ლიკვიდაცია ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ამ დროისთვის ვერ ხერხდება. მედიის ცნობით, დაკავებულია ორი ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ხანძრის განზრახ გაჩენაში.
ოფიციალური მონაცემებით, ივნისში ძლიერ სიცხეს საფრანგეთში 2 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
მედიის ცნობით, ორსეკის გეგმა (The Orsec plan) საგანგებო სიტუაციებში რეაგირებისა და დახმარების სისტემაა და, როგორც წესი, მასშტაბური სტიქიური უბედურებების დროს გამოიყენება. მისი მიზანია ადამიანების სიცოცხლის, ქონებისა და გარემოს დაცვა. მასში ჩართულია ყველა სახელმწიფო და კერძო სამსახური (პოლიცია, სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო დახმარება, ადგილობრივი ხელისუფლება და სხვა), რათა საგანგებო სიტუაციაზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება მოხდეს.