დღეს, როცა თანამედროვე ავტომობილები სავსეა ახალი ტექნოლოგიებით, მძღოლები საკმაოდ ხშირად აწყდებიან სხვადასხვა გაუმართაობასა და ხარვეზს.
გავლენიანმა ანალიტიკურმა პორტალმა Visual Capitalist-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ეყრდნობა კვლევითი ორგანიზაციის, J.D. Power-ის ყოველწლიურ რეიტინგს. კვლევამ შეაფასა 3 წლის ასაკის მანქანები იმის მიხედვით, თუ რამდენი პრობლემა დააფიქსირეს მათმა მფლობელებმა ყოველ 100 ავტომობილზე (ინდექსი PP100).
კვლევის თანახმად, რაც უფრო ნაკლებია პრობლემების რიცხვი, მით უფრო საიმედოა ბრენდი. წელს ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებელმა რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია - ყოველ 100 მანქანაზე საშუალოდ, 204 პრობლემა მოდის.
თუმცა, მთავარი მიგნებები აჩვენებს, რომ პრობლემების უმეტესობა არა ძრავისა და სავალი ნაწილებისგან, არამედ ტექნოლოგიებიდანაა გამოწვეული - სენსორული ეკრანები, პროგრამული უზრუნველყოფა და სმარტფონების კავშირი (Apple CarPlay და Android Auto) მძღოლებისთვის მთავარი ხარვეზებია.
გარდა ამისა, კვლევით დგინდება, რომ ჩვეულებრივი ბენზინის ძრავიანი მანქანები ყველაზე სტაბილური და გამძლე აღმოჩნდა, ხოლო ყველაზე მეტი ხარვეზი ე.წ. "პლაგ-ინ ჰიბრიდებს" (დენიდან დასატენ ჰიბრიდებს) აქვთ.
აღსანიშნავია, რომ Visual Capitalist-ის თანახმად, რეიტინგის სათავეს უკვე ზედიზედ მეოთხე წელია არ თმობს იაპონური Lexus-ი, რომელმაც ყველაზე ნაკლები ხარვეზი დააგროვა.
15 საუკეთესო ბრენდი, რომლებმაც ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებელზე (204 პრობლემაზე) ბევრად უკეთესი შედეგი აჩვენეს, ასეთია:
- Lexus (ლექსუსი) – 151 პრობლემა 100 მანქანაზე;
- Buick (ბიუიკი) – 160 პრობლემა 100 მანქანაზე;
- MINI (მინი) – 168 პრობლემა 100 მანქანაზე;
- Cadillac (კადილაკი) – 175 პრობლემა 100 მანქანაზე;
- Chevrolet (შევროლე) – 178 პრობლემა 100 მანქანაზე;
- Subaru (სუბარუ) – 181 პრობლემა 100 მანქანაზე;
- Porsche (პორშე) – 182 პრობლემა 100 მანქანაზე;
- Toyota (ტოიოტა) – 185 პრობლემა 100 მანქანაზე;
- Kia (კია) – 193 პრობლემა 100 მანქანაზე;
- Nissan (ნისანი) – 194 პრობლემა 100 მანქანაზე;
- BMW (ბეემვე) – 198 პრობლემა 100 მანქანაზე;
- Hyundai (ჰიუნდაი) – 198 პრობლემა 100 მანქანაზე;
- Genesis (ჯენესისი) – 208 პრობლემა 100 მანქანაზე;
- Mitsubishi (მიცუბიში) – 208 პრობლემა 100 მანქანაზე;
- Mazda (მაზდა) – 210 პრობლემა 100 მანქანაზე.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ იაპონური ბრენდები ტრადიციულად კვლავ საიმედოობის მოწინავე პოზიციებზე არიან, ხოლო რეიტინგის ყველაზე ბოლო ადგილებზე, ანუ ყველაზე პრობლემურ მანქანებად, წელს Volkswagen-ი (301 ხარვეზით), Volvo და Land Rover დასახელდნენ.