სანქციების მიუხედავად, რუსულ რაკეტებში, დრონებსა და ტანკებში კვლავ გვხვდება შვეიცარიული კომპანიების მიერ დამზადებული ცალკეული დეტალები.
ღამის თავდასხმები, საცხოვრებელ კორპუსებში აფეთქებული ბომბები, დაღუპულები და დაშავებულები... ასეთი სცენა უკრაინაში ყოველდღიურად მეორდება. „ჰონგ-კონგის თავისუფლების კომიტეტის“ ამერიკელმა უფლებადამცველმა, სამუელ ბიკეტმა და მისმა გუნდმა გამოიძიეს, თუ რომელი უცხოური კომპანიების მიერ წარმოებული ტექნოლოგიები და დეტალები უწყობენ ყველაზე მეტად ხელს რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვების კამპანიას.
მათი კვლევა უკრაინის ხელისუფლების ანალიზსაც ეყრდნობა. ჯერჯერობით აღმოჩენილია შვეიცარიელი მწარმოებლების მიერ დამზადებული 322 დეტალი, რომელთა შორის არის მიკროპროცესორები, GPS მოდულები, კონექტორები და კაბელები.
„უკრაინის ბრძოლის ველზე შვეიცარიული კომპანიების მიერ წარმოებული უფრო მეტი დეტალი ჩნდება, ვიდრე ევროპის ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან. მათი უმეტესობა რაკეტებსა და დრონებშია აღმოჩენილი, მაგრამ ასევე გვხვდება ტანკებში, სამეთაურო ცენტრებში, თვითმფრინავებსა და შეიარაღების სხვა სისტემებში“, - ამბობს ბიკეტი.
სიაში ასევე არიან Huber+Suhner-ი და Lemo Group-ი
მედიასაშუალებები წლების განმავლობაში ავრცელებენ ინფორმაციას რუსულ იარაღში გამოყენებული ისეთი შვეიცარიული ტექნოლოგიების შესახებ, როგორიცაა მიკროპროცესორები, კონექტორები და კაბელები. ისინი რაკეტებში, დრონებსა და ბომბებში გამოიყენება. ჩამონათვალში ასევე შედის ისეთი კომპანიების ელექტრონიკა, როგორებიცაა Ublox-ი და ST Microelectronics-ი.
ჟენევაში დაფუძნებული Lemo Group-ი და Huber+Suhner-ი ახლა უკვე რუსეთის საბაჟო მონაცემებშიც ფიგურირებენ. თუმცა, დეტალების უმეტესობა მათ მიერ არა უშუალოდ შვეიცარიაში, არამედ აზიაში ან ევროპის სხვა ქვეყნებში იწარმოება.
მაგალითად, ბიკეტისა და მისი გუნდის მიერ გაანალიზებულ რუსულ საბაჟო დოკუმენტებში ნახსენებია Huber+Suhner-ის მიერ წარმოებული ანტენის კონექტორები. ეს კონექტორები ჰონგ-კონგში 2024 წლის 24 იანვარს ჩავიდა და მისი მიმღები აღმოჩნდა კომპანია, რომელიც რუსულ არმიას ამარაგებს. დოკუმენტებში არ არის დაკონკრეტებული, თუ ზუსტად როგორ მოხვდა ჰ ეს კონექტორები ონგ-კონგში ან რომელი შუამავლები იყვნენ ჩართულნი ამ ოპერაციაში.
მოთხოვნის საპასუხოდ, Huber+Suhner-მა განაცხადა, რომ მათ შეისწავლეს ეს ტრანზაქცია, მაგრამ ვერ შეძლეს იმის დადგენა, რაც დოკუმენტაციაში მითითებული არ იყო. კომპანიის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთთან ყველა სახის ბიზნესი შეჩერდა და სადისტრიბუციო პარტნიორებს დაეკისრათ ვალდებულება, არ გაეგრძელებინათ პროდუქციის მიწოდება. Lemo Group-მა შვეიცარიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (SRF) შეკითხვას არ უპასუხა.
რუსეთში მიწოდება აკრძალულია
Ublox-ის მიერ დამზადებული GPS მოდულები დღესაც გვხვდება რუსულ დრონებში - ერთ-ერთი ასეთი კონკრეტული მოდული 2025 წლის მარტშია წარმოებული. კომპანია ხაზს უსვამს, რომ ეს არის მასობრივი წარმოების დეტალები, რომლებიც ელექტროსკუტერებსა და სამშენებლო აღჭურვილობაშიც გვხვდება, საიდანაც მათი ამოღება და სხვა მიზნით გამოყენება მარტივად შეიძლება. Ublox-ის განცხადებით, რუსეთსა და მესამე ქვეყნებში მათი მიწოდება ომის დაწყების დღიდან აკრძალულია.
შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხთა სახელმწიფო სამდივნომ (SECO) ინტერვიუზე უარი განაცხადა. მის წერილობით განცხადებაში კი ნათქვამია, რომ „თანმიმდევრულად“ სდევნის სამართალდარღვევებს, 2022 წლის შემდეგ თანამშრომელთა რაოდენობა გაასამმაგა და სანქციებს „პრიორიტეტულად“ ახორციელებს.
ბიკეტისთვის ეს საკმარისი არ არის: შვეიცარიამ უნდა შეამოწმოს ყველა ერთეული, რომელიც რუსეთის საბაჟო მონაცემებში ჩანს. სანქციები უნდა დაუწესდეს ყველა ჩართულ მხარეს: კომპანიებს, დისტრიბუტორებს, ლოგისტიკურ მომსახურების მიმწოდებლებს, ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებს, რომლებიც ამ ტვირთის დაფინანსებას ან დაზღვევას ახდენენ. მხოლოდ ეს, მისი თქმით, დაეხმარება.
ეს განცხადება ბიკეტისთვის საკმარისი არ არის: შვეიცარიამ უნდა შეამოწმოს თითოეული ნივთი, რომელიც რუსეთის საბაჟო მონაცემებში ჩანს. გარდა ამისა, უნდა დასანქცირდეს ყველა ჩართული მხარე: კომპანიები, დისტრიბუტორები, ლოჯისტიკის პროვაიდერები, ბანკები და სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც ტვირთს აფინანსებენ ან აზღვევენ. მისი თქმით, პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი.
წყარო: 1 არხი