ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ დღეს ირანის ათობით სამხედრო სარდლობის ცენტრს დაარტყეს, მათ შორის რევოლუციური გვარდიის შტაბ-ბინას.
დასავლური მედია წერს, რომ გავრცელდა ინფორმაცია ირანში სამოქალაქო შენობის დაზიანების შესახებაც. თვითმხილველებმა სააგენტო „როიტერსს“ განუცხადეს, რომ ისრაელმა დედაქალაქ თეირანში საავადმყოფოს დაარტყა.მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ თავდასხმის შედეგად საავადმყოფო დაზიანდა, პაციენტები კი დაწესებულებიდან გაიყვანეს. ირანის საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმმა“ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულები.
ასევე, ირანის სახელმწიფო მაუწყებელი აცხადებს, რომ მისი შენობის ნაწილებს „ამერიკელ-სიონისტი მტერი“ დაესხა თავს.
მანამდე ისრაელის სამხედრო პრესმდივანმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ოპერაციისთვის 100 000 ისრაელელი რეზერვისტი გამოიძახეს.
1 მარტს ორმა თვითმხილველმა Reuters-ის სააგენტოს აცნობა, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს ირანის დედაქალაქში დაიბომბა საავადმყოფო.
სამედიცინო ობიექტი თეირანში, განდის ქუჩის რაიონში მდებარეობს.
ცნობით, საავადმყოფო მძიმედ დაზიანდა და იქიდან მიმდინარეობდა პაციენტების ევაკუაცია.
საპასუხო დარტმებს ახორციელებს ირანიც.
ირანმა 1 მარტს საჰაერო დარტყმები მიმართა სპარსეთის ყურეში მას შემდეგ, რაც პირობა დადო, რომ შურს იძიებდა მოკლული უზენაესი მმართველის, აიათოლა ალი ხამენეის გამო, მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარისა, რომ შემდეგი დარტყმა უპრეცედენტო ძალის გამოყენებით განხორციელდებოდა.
ირანის დედაქალაქის სამთავრობო ობიექტზე აშშ-ის და ისრაელის ავიაციის იერიშის დროს მოკლულ აიათოლა ალი ხამენეის ირანში ზოგი გლოვობდა, ზოგი კი ზეიმობდა.
ამ დროს თეირანის დაბომბვა გაგრძელდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამძიმარი გამოუცხადა ირანის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „მტკივნეულ დღეებს“ განიცდის. პირველი რეაგირების სამსახურმა განაცხადა, რომ ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ისრაელის ქალაქ ბეით-შემეშში, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაიღუპა, ეს ომის დაწყების შემდეგ ქვეყანაში ყველაზე სისხლიანი დარტყმა იყო.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ოპერაციები „გრაფიკს უსწრებს“.
"ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" 1 მარტს ახალი, „ფართომასშტაბიანი“ თავდასხმის შესახებ გამოაცხადა და იერიში მიიტანა აშშ-ის სამხედრო ბაზებზე საუდის დედაქალაქ ერ-რიადში, დუბაიში, აბუ-დაბიში, დოჰაში, მანამაში, ასევე ისრაელში - იერუსალიმში, თელ-ავივსა და სხვა ქალაქებზე.
ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა ხამენეის მკვლელობა „მუსლიმების წინააღმდეგ ომის გამოცხადებად“ შეაფასა და გაფრთხილება გამოთქვა: „ირანი თავის ლეგიტიმურ მოვალეობად და უფლებად მიიჩნევს, შური იძიოს ამ ისტორიული დანაშაულის აღმსრულებლებსა და სულისჩამდგმელებზე“.
ისრაელმა ხამენეის სიკვდილი „პირველ ნაბიჯად“ შეაფასა, ხოლო არმიის წარმომადგენლის, ვიცე-პოლკოვნიკ ნადავ შოშანის თანახმად, ერთობლივი ოპერაციის შედეგად „40 მაღალი მეთაური, მათ შორის ხამენეი, დღისით-მზისით, ერთ წუთში განადგურდა, ისრაელიდან ათასი მილის დაშორებით."
კონფლიქტზე საერთაშორისო რეაქციები არაერთგვაროვანია, პაპმა ლეო XIV-მ ორივე მხარეს მოუწოდა „ძალადობის სპირალის“ დასრულებისკენ, ხოლო ჩინეთმა დაგმო ხამენეის მკვლელობა, როგორც „ირანის სუვერენიტეტის სერიოზული დარღვევა“.
საფრანგეთმა, მეორე მხრივ, კმაყოფილება გამოთქვა „სისხლისმსმელი დიქტატორის" სიკვდილის გამო, „რომელიც ჩაგრავდა თავის ხალხს, ამცირებდა ქალებს, ახალგაზრდებსა და უმცირესობებს“.
პაკისტანში, სანავსადგურო ქალაქ კარაჩიში, აშშ-ის საკონსულოსთან ირანის მხარდამჭერი საპროტესტო აქციების დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობების შედეგად, სულ ცოტა, ცხრა ადამიანი დაიღუპა, ნათქვამია AFP-ის მიერ მოძიებულ საავადმყოფოს ჩანაწერში.