რუსეთის უმსხვილესი ავიაგადამყვანები სარემონტო სათადარიგო ნაწილების დეფიციტისა და დასავლური სანქციების გამო (რომლებმაც ქვეყანაში საავიაციო აღჭურვილობის მიწოდება აკრძალეს) კუთვნილი ლაინერების თითქმის 20%-ს რეისებზე ვერ უშვებენ.

როგორც Коммерсант-ი წერს, 11 ავიაკომპანიას, რომლებიც რუსეთის მთლიანი მგზავრთნაკადის 90%-ზე მეტს უზრუნველყოფენ, 673 თვითმფრინავიდან 130 გაჩერებული ჰყავთ, მაშინ როდესაც ზაფხულის პერიოდში, სპეციალისტების თქმით, გეგმური მომსახურების გამო საფრენი შემადგენლობის 10%-მდე გაჩერება ნორმალურ დონედ ითვლება. ხოლო თუ მხედველობაში არ მივიღებთ „აეროფლოტის“ ჯგუფს, რომელზეც მსხვილ კომპანიებს შორის ლაინერების ნახევარი მოდის, დანარჩენი რვა გადამყვანის პარკის თითქმის მესამედი — 322 თვითმფრინავიდან 93 — არ დაფრინავს.