რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს, რომლის ავტორი გარდაცვლილი სენატორი ლინდსი გრემი იყო და რომელიც გასულ თვეში აშშ-ის სენატმა ხმათა დიდი უმრავლესობით დაამტკიცა, წარმომადგენელთა პალატაში სულ უფრო მეტი წინააღმდეგობა ხვდება, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ იტყობინება.

როგორც გამოცემა წერს, დოკუმენტის მიღება, სავარაუდოდ, ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე ვერ მოხერხდება.

კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უფლებამოსილებას მისცემს, 100%-იანი ტარიფები დაუწესოს რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ხუთ უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყანას, ასევე ხუთ ქვეყანას, რომლებიც რუსეთს ენერგეტიკული სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების უმსხვილეს მყიდველებს შორის ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი არიან. თუმცა გაურკვეველია, გამოიყენებს თუ არა ტრამპი კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, განსაკუთრებით ჩინეთის წინააღმდეგ.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, სენატში კანონპროექტის 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ დამტკიცება ნაწილობრივ ლინდსი გრემის კოლეგების სურვილს უკავშირდებოდა, პატივი მიეგოთ გარდაცვლილი სენატორის ხსოვნისთვის. წარმომადგენელთა პალატაში კი ინიციატივის მიმართ დამოკიდებულება უფრო ფრთხილია.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა ეჭვი გამოთქვა, რომ სანქციების კანონპროექტის კენჭისყრაზე გატანა შუალედურ არჩევნებამდე მოხერხდება.

„ჩვენ ყველას გვჯერა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების აუცილებლობის, მაგრამ კანონპროექტის მისაღებად სწორი ფორმულის პოვნაა საჭირო. ვცდილობთ, ეს საკითხი დავამუშაოთ და დავრწმუნდეთ, რომ მივიღებთ შედეგს, რომელიც კენჭისყრას გაუძლებს“, – განაცხადა ჯონსონმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბრაიან მასტის განცხადებით, კანონპროექტის შეფასებისას ერთ-ერთი მთავარი საკითხი მისი შესაძლო გავლენაა ბენზინის ფასებზე. ფლორიდის შტატის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა აღნიშნა, რომ თუ კანონპროექტის შედეგად ინდოეთსა და რუსული ნავთობის სხვა მყიდველებს ნავთობის სხვა ბაზრებზე გადასვლა მოუწევთ, ამან, შესაძლოა, ფასების ზრდა გამოიწვიოს.

„ეს ერთ-ერთი საკითხია, რომელსაც ამჟამად ვაფასებთ“, – განაცხადა მასტმა.