კიევის რეგიონში რუსულმა დრონებმა „კოკა-კოლას“ ქარხანაზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, თავდასხმა მიზანმიმართული იყო, რადგან რუსულ მხარეს უნდა სცოდნოდა, რომ ობიექტი ამერიკულ კომპანიას ეკუთვნის.
„დღეს რუსებმა კოკა-კოლას ქარხანას დრონებით დაარტყეს. კოკა-კოლა ხომ ისეთი მტერია, შაჰიდებით უნდა წაუკიდო ცეცხლი… ეს რუსეთის მხრიდან ამერიკისთვის გაგზავნილი აშკარა სიგნალია. შეუძლებელია რუსებს არ სცოდნოდათ, რომ ეს ამერიკული ობიექტია“, - განაცხადა ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში.
უკრაინაში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის, ენდი ჰანდერის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ქარხნის თანამშრომლები არ დაშავებულან. მისი თქმით, კომპანია მომხდარის შეფასების მიზნით შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობს.
თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგაც. მისი შეფასებით, შემთხვევა ამერიკული ბიზნესის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან განხორციელებული კიდევ ერთი განზრახ თავდასხმაა.
„ეს რუსეთის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ის ეკონომიკის დაზიანებას და ამერიკული კომპანიების საერთაშორისო ბაზრებიდან განდევნას“, -წერს სიბიგა პლატფორმა X-ზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე მოუწოდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას, მიიღოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტი.
რუსეთის თავდასხმის შედეგად ქარხნისთვის მიყენებული ზიანის მასშტაბის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.