რუსული ავიახაზები და აეროპორტები საერთაშორისო დომენის ზონა .aero-დან გაითიშება. ეს გადაწყვეტილება შვეიცარიულმა სამოქალაქო ავიაციის სერვისის პროვაიდერმა SITA-მ მიიღო, რომელიც მითითებულ დომენურ ზონას მართავს, ამის შესახებ საავიაციო ინდუსტრიის წყაროებზე დაყრდნობით Forbes Russia იუწყება. გადაწყვეტილება უკრაინაში ომთან დაკავშირებული სანქციების ფარგლებში იქნა მიღებული.

.aero დომენის ზონაში 200-ზე მეტი ვებგვერდია რეგისტრირებული. ამ დომენს იყენებს დაახლოებით 30 რუსული აეროპორტი (შერემეტევო, ჟუკოვსკი, ყაზანი, კრასნოიარსკი, ჰოლდინგი „რეგიონების აეროპორტები“, აეროდინამიკა და ა.შ.) ასევე 15 ავიაკომპანია (პობედა, აზიმუტი, იამალი, იკარი , ალროსა და ა.შ.)

ამ ინფორმაციას ადასტურებს საავიაციო ინდუსტრიის სულ მცირე სამი წყარო.

ამავდროულად, გამოცემის ცნობით, რუსეთი ამ პრობლემის მოგვარებას ფულით შეეცადა. თუმცა დიდი ხნით ვერა.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რეგისტრატორმა Ru-Center-მა, რომელმაც მიიღო შეტყობინება შვეიცარიის მხრიდან, სასწრაფოდ გაუხანგრძლივა ყველა კლიენტის დომენის მოქმედების ვადა ერთი წლით საკუთარი ხარჯებით, რათა შეინარჩუნოს საიტების ფუნქციონირება.

რუსული მედია არ ავრცელებს ინფორმაციას, თუ როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს დომენების ნაჩქარევი გადაცემის ფაქტმა სანქციების შემოღებაზე.

ოქტომბერში რუსეთმა შეიტანა საჩივარი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საბჭოში დასავლეთის ქვეყნების მიერ საჰაერო მოძრაობის წესების დარღვევის შესახებ.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთის საავიაციო ინდუსტრიის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები დაწესდა, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის თავზე რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დაიხურა.

სანქციებმა კიდევ უფრო მეტად იმოქმედა საავიაციო ინდუსტრიაზე. 2023 წელს რუსული თვითმფრინავები ფრენისთვის სახიფათო გახდა. საავიაციო ინციდენტები რეგულარულად ხდება. ამის მიუხედავად, თვითმფრინავების უმეტესობა აგრძელებს ფრენას, თუმცა მათ აღარ აქვთ კრიტიკული პროგრამული უზრუნველყოფის განახლებისა და ტექნიკური მომსახურების შესაძლებლობა, რაც საჭიროა მათი ფრენის უზრუნველსაყოფად. რის გამოც რუსეთმა თვითმფრინავების გაუმართაობის დამალვა დაიწყო.