დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა. აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინაში ომის დასრულება და რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმა სურს, თუმცა ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ოფიციალური მოსკოვი ომის შესაწყვეტად და მოსალაპარაკებლად მზად არ არის. ამას ხვდება ტრამპიც, რის გამოც ის უფრო მკაცრ განცხადებებს აკეთებს. აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთისთვის მიცემული ვადა შეამცირა და მოსკოვს ომის გასაჩერებლად 10-12 დღე მისცა.
"მე ვაპირებ ახალი ვადა დავაწესო - დღეიდან დაახლოებით 10 ან 12 დღე. ლოდინს აზრი არ აქვს. თავიდან 50 დღე იყო გათვალისწინებული, მინდოდა ლმობიერი ვყოფილიყავი, მაგრამ ჩვენ, უბრალოდ, [მშვიდობისკენ] ვერანაირ პროგრესს ვერ ვხედავთ" - თქვა ტრამპმა.
როგორი იქნება აშშ-ის პრეზიდენტის მორიგი ნაბიჯი და რა პოზიცია შეიძლება ჰქონდეს რუსეთს? საკითხზე ,,კომერსანტი“ ამერიკისმცოდნეობის დოქტორს გიორგი ლაბაძეს ესაუბრა. მისი თქმით, რუსეთში ხვდებიან, რომ ამერიკის ქმედებები უკრაინის საწინააღმდეგოდ არ არის მიმართული და არც არასდროს ყოფილა. სწორედ ამიტომ, ოფიციალური მოსკოვი მოლაპარაკებების მაგიდასთან არ ჯდება და ომის გასაჩერებლად ნაბიჯებს არ დგამს. გიორგი ლაბაძე მიიჩნევს, რომ რუსეთს მსგავსი ქმედება ძვირად დაუჯდება. საუბარია მეორადი სანქციების დაწესებაზე. გარდა ამისა, რუსეთის პოზიციის საპასუხოდ ამერიკა უკრაინის სამხედრო დახმარებას კიდევ უფრო გააძლიერებს.
,,რუსეთმა, რომ უარი თქვეს ამ მოლაპარაკებებზე ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ამერიკის ქმედებები არ იყო უკრაინის დასამცირებლად, არამედ გარკვეული ოპტიმალური პოზიციის მისაღწევად იყო გაკეთებული. ეს ყველაფერი დასრულდა რუსების მკაცრი უარით. გავიხსენოთ მედვედევის განცხადება, რომ ამერიკა ეწევა ომის ესკალაციას და ცდილობს, უკრაინის მეშვეობით იყოს ომის მონაწილე და ჩაერთოს. თუნდაც პესკოვის განცხადებები მიგვანიშნებს, რომ რუსეთი არ არის მზად ამერიკელებთან სალაპარაკოდ. ჩემი აზრით, ეს მათ ძალიან ძვირად დაუჯდებათ. ახლა საუბარია მეორადი სანქციების პაკეტზე და უკრაინისთვის დახმარების გაზრდაზე - ეს აუცილებლად მოხდება. ამერიკელებმა ვერ შეძლეს რუსების მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანა, ამიტომ ისინი გადავლენ ამ მეთოდებზე, რაც არის უკრაინის გაძლიერება, რადგან მიმდინარე ომი ამერიკელებს არაფერში არ სჭირდებათ.“- აცხადებს გიორგი ლაბაძე.
ამერიკისმცოდნეობის დოქტორი განმარტავს, რომ რესპუბლიკელების პოლიტიკა უკრაინის წინააღმდეგ არასდროს ყოფილა მიმართული. გიორგი ლაბაძე ამბობს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობდა ისეთი ვითარება შეექმნა, სადაც შტატები მომლაპარაკებლის როლში იქნებოდა წარმოდგენილი და არა რომელიმე მხარის ინტერესების დამცველი. ტრამპის ასეთი ქმედება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. მათ შორის არის მისი წინასაარჩევნო დაპირება ომის შეწყვეტის შესახებ, თუმცა აღმოჩნდა, რომ რესპუბლიკელების პოლიტიკამ რუსეთი ომის შეჩერებისკენ ვერ განაწყო. გიორგი ლაბაძე განმარტავს, რომ რეალურად შტატები ყოველთვის მხარე იყო და არა მედიატორი, რადგან ამერიკა უკრაინას იარაღს აწვდიდა. რუსეთის სიჯიუტის გამო კი შტატები იარაღის მიწოდებას კიდევ უფრო გააძლიერებს.
,,რუსები ხვდებოდნენ, რომ ამერიკის ეს ნაბიჯი უკრაინის სასარგებლოდ იყო გადადგმული და არა უკრაინის საწინააღმდეგოდ. ჩვენს საზოგადოებაში (და არა მხოლოდ) იქმნება ისეთი შეხედულება, თითქოს უკრაინის დასამცირებლად იდგმებოდა კონკრეტული ნაბიჯები. იყო ასეთი აღქმა, რომ თითქოს ტრამპის სურვილი იყო უკრაინა დაეჩაგრა და რუსეთის მხარეს დამდგარიყო. რეალურად, ეს თავიდანვე არასწორი შეფასება იყო. იმიტომ, რომ რასაც რესპუბლიკელები ცდილობდნენ ეს არის რეალურად შემრიგებლური ვითარების შექმნა და ისე წარმოჩენა ვითარების, თითქოს ამერიკა არ იყო მხარე. ეს რუსებისთვის იყო გაკეთებული, რათა რუსები უფრო მარტივად წამოეყვანათ მოლაპარაკებაზე. ეს ერთის მხრივ განკუთვნილი იყო ტრამპის ამომრჩევლისთვის. მიზანი იყო იმის ჩვენება, რომ ჩვენ ომებში ჩართვა კი არ გვინდა, არამედ გვინდა, რომ ეს ომები დავამთავროთ. შესაბამისად, ამ საარჩევნო დაპირებიდან და შიდა ურთიერთობებიდან გამომდინარე რესპუბლიკელები თავიდანვე ვერ დაიჭერდნენ მკვეთრ ანტირუსულ პოზიციას. რის გამოც დასჭირდათ რუსეთისთვის დროის მიცემა და გარკვეული ვითომ და მედიატორული ქმედებები. სინამდვილეში ამერიკა აგრძელებდა იარაღის მიწოდებას უკრაინისთვის. როცა იარაღს აწვდი ქვეყანას აქ უკვე მედიატორობაზე აღარ არის საუბარი. ამან თავისი რესურსი ამოწურა, იმიტომ რომ არაფერი არ გამოვიდა რუსეთთან საუბრით.“- აცხადებს გიორგი ლაბაძე.
ამერიკისმცოდნეობის დოქტორი აცხადებს, რომ მიმდინარე მოვლენებს ფართო გეოპოლიტიკური კონტექსტიდან უნდა შევხედოთ, რადგან მსოფლიოში ახლა ძალთა გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს. ამ პროცესში კი აშშ-ს სურს რაც შეიძლება მოგებიანი პოზიცია დაიკავოს. უკრაინაში მიმდინარე ომში აშშ ჩინეთის ინტერესებსაც ხედავს. გიორგი ლაბაძე განმარტავს, რომ ჩინეთი ამ ომით შტატებისა და მისი მოკავშირეების დასუსტებას ცდილობს, რის გამოც რუსეთს იარაღით ამარაგებს.
,,ახლა ვართ მომსწრე მსოფლიოს გავლენის სფეროების გადანაწილების. ამერიკას უნდა რომ მაქსიმალურად გამარჯვებული გამოვიდეს. პირველ რიგში ჩინეთთან მიმართებაში. ამერიკელები მიიჩნევენ, რომ ჩინეთი აიარაღებს რუსეთს იმისათვის, რომ ამერიკა და მისი მოკავშირეები დაასუსტოს. ამერიკელები ცალსახად ხედავენ ჩინელების კვალს და ისინი არ დაუშვებენ იმას, რომ უკრაინის დამარცხებით და დასავლეთის დამარცხებით ჩინეთმა და რუსეთმა ერთობლივად იხეირონ. ტრამპის ნაბიჯები აქედან გამომდინარე უნდა წავიკითხოთ, რომ რესპუბლიკელები და ტრამპი ამ ომს არ მიიჩნევენ მხოლოდ ევროპისთვის ომს. მიიჩნევენ უკვე ჩინეთის მონაწილეობით შემდგარ ომს. ჩინეთს რუსეთის გამარჯვება უფრო აძლევს ხელს, ვიდრე რუსეთის დამარცხება. შესაბამისად, ამერიკელები უკრაინის ომს არა მხოლოდ ევროპისთვის საზიანო მოვლენად ხედავენ, არამედ უფრო ვრცელ გეოპოლიტიკურ კონტექსტს ხედავენ. ვფიქრობ, რომ გასაკვირი აღარ უნდა იყოს ტრამპის ასეთი ჩართულობა.“- აცხადებს გიორგი ლაბაძე.
ამერიკისმცოდნეობის დოქტორი მიიჩნევს, რომ უახლოეს თვეებში ვნახავთ დასანქცირებულ რუსეთს და ასევე ვნახავთ უკრაინისთვის საკმაოდ მძლავრი იარაღის მიწოდებას. -,,რუსეთის დასუსტება რომ არის ამერიკელების ამჟამინდელი მიზანი და ეს უკვე შავით თეთრზე ჩანს, ამაზე უკვე ორი აზრი არ არის“,- აცხადებს გიორგი ლაბაძე.