უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს ცნობით, რუსეთი უკრაინული კულტურული მემკვიდრეობის ნივთებს შავ ბაზარზე ყიდის მას შემდეგ, რაც რუსებმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან 1.7 მილიონზე მეტი არტეფაქტი გაძარცვეს.

ამის შესახებ ქვეყნის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა, მიკოლა ტოჩიცკიმ უკრაინულ მედია Ukrinform-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის 1.7 მილიონზე მეტი ნივთი მოიპარეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან - არქეოლოგიური აღმოჩენებიდან დაწყებული სამუზეუმო კოლექციებით დამთავრებული, რომელიც რუსეთის ფედერაციამ მიისაკუთრა, საერთაშორისო სამართლის ყველა შესაძლო ნორმის დარღვევით. წარსულში, როდესაც რუსეთი ჩვენს სახელსა და ჩვენს ისტორიას იპარავდა, მათ არტეფაქტები ერმიტაჟის ან მოსკოვის მუზეუმებში მიჰქონდათ. ახლა ისინი წარმატებით ყიდიან მათ შავ ბაზარზე". - ამბობს ტოჩიცკი.

მან ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის წყალობით, არტეფაქტების ნაწილის დაბრუნება ხდება. ტოჩიცკის თქმით, უცხოეთში გამართული ვიზიტების დროს მას ხშირად აძლევენ ნივთებს, რომლებიც წარსულში რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაძარცვა.

უკრაინის კულტურის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინული ტერიტორიების ძარცვაში რუსი მაღალჩინოსნები პირდაპირ არიან ჩართული. თებერვალში უკრაინამ რუსეთში 55 პირსა და სამ სამართლებრივ სუბიექტს სანქციები დაუწესა უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის გაქურდვისა და განადგურებისთვის.

წყარო: tabula.ge