გერმანული სამხედრო კომპანია Rheinmetall ინდუსტრიულ სექტორში ზრდის უპრეცედენტო ტემპებს აჩვენებს, წერს Financial Times.
კომპანიამ მიიღო მეტი ახალი შეკვეთა ბოლო 12 თვეში, ვიდრე წინა 15 თვეში, განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა არმინ პაპერგერმა.
2024 წელს Rheinmetall-ის შემოსავალი იყო დაახლოებით 10 მილიარდი ევრო, რაც თითქმის ორჯერ მეტი იყო ვიდრე 2021 წლის 5,7 მილიარდი ევრო, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრამდე. ათწლეულის ბოლოს კომპანია გეგმავს მიაღწიოს წლიურ შემოსავალს 40 მილიარდ ევროს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, Rheinmetall-ის აქციები ათჯერ გაიზარდა, ხოლო 140%-ით აშშ-ს არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ.
ალექსანდრ უოლმა, Stifel-ის ანალიტიკოსმა თქვა, რომ არ იცნობდა სხვა მწარმოებელ კომპანიას, რომელიც „ასე მოკლე დროში ასე სწრაფად გაიზარდა“.
კომპანია მნიშვნელოვან როლს ასრულებს 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების წარმოების გაზრდაში, რომლებსაც უკრაინის თავდაცვის ძალები ფრონტზე იყენებენ. ბოლო სამი წლის განმავლობაში კომპანიამ ათჯერ გაზარდა ჭურვის წარმოების სიმძლავრე 700 000 ერთეულამდე. Rheinmetall ასევე აწარმოებს Marder-ის ქვეით საბრძოლო მანქანებს, ლულებს Leopard 2 ტანკებისთვის და Panzerhaubitze 2000 თვითმავალებს, რომლებიც მიეწოდება უკრაინას.
კომპანია აშენებს 10 ქარხანას მთელს მსოფლიოში, მათ შორის უკრაინაში, რუმინეთში, უნგრეთსა და ლიტვაში.