თითქოს ნორმალურია, ვიფიქროთ, რომ მარსზე არაფერი ხდება, მაგრამ ამ მტვრიან პლანეტაზე ბევრი საინტერესო პროცესი მიმდინარეობს.
უმეტესი პროცესი ქანებსა და ქვებს ეხება. მარსზე ძალიან ბევრი კლდოვანი ქანია. უფრო მეტიც, მარსზე იმდენი ქანია, რომ საუკუნეების განმავლობაში მათ ყველანაირი ამინდის ზემოქმედება განიცადეს, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში წარმოქმნა ისეთი რამეები, რომლებიც ერთი შეხედვით ხელოვნურ ან ბიოლოგიურ სტრუქტურას წააგავს.
მარსის ილუზიების ბოლო შემთხვევა, რომელიც ტაბლოიდების ჰიტი გახდა, წარმოადგენს თვალისმომჭრელ სტრუქტურას, რომელიც პირველად 2002 წელს შენიშნეს და წააგავს სამგვერდა პირამიდას ქარისგან მოსუფთავებულ ხეობაში, სახელად კანდორ-ჩასმა.
როგორც ჩანს, ამ ფოტომ პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც ის რეჟისორმა ბრაიან კორი დობსმა X-ზე გაავრცელა. იგი აქამდეც დაჟინებით იმეორებდა მოსაზრებას, რომ NASA-ს ფოტოებზე მარსზე ხელოვნური სტრუქტურების მტკიცებულებები ჩანს.
პოსტი სწრაფად გავრცელდა, წარმონაქმნის მოახლოებული კადრები სოციალურ მედიასა და ტაბლოიდების საიტებზე ტრიალებს.

თავად ფოტოები რეალურია და გადაღებულია მარსის ორბიტაზე მოძრავ NASA-ს თანამგზავრთა მიერ; ეს რეგიონი მათ პირველად 2001 წელს გადაიღეს.
პირამიდის მსგავსი სტრუქტურის პირველი დოკუმენტირებული იდენტიფიცირება 2002 წელს მოხდა, როცა დამოუკიდებელმა მკვლევარმა უილიამ ფაუსტმა მარსის ორბიტერ Mars Global Surveyor-ის (MGS) ფოტოზე შენიშნა უცნაური წარმონაქმნი, E06-00269.
აღმოჩენის შემდეგ, რეგიონი სხვა ორბიტერებმაც გადაიღეს, მაგრამ მათ შორის გამორჩეული გამოსახულება ეკუთვნის NASA-ს Mars Reconnaissance Orbiter-ის კამერა HiRISE-ს.
HiRISE-ის მაღალი რეზოლუციის ფოტოები საოცარია, მაგრამ როდესაც მოაახლოებთ და ტეტრაედრის (პირამიდის მსგავსი სტრუქტურა) გარშემო ლანდშაფტს შეხედავთ, ის ნაკლებად უცნაური გამოჩნდება და უფრო მიემსგავსება იმას, რაც არის — ოდნავ მოუხეშავი მთა, რომელიც იმავე ეროზიული ძალებით არის გამოკვეთილი, რომლებმაც მის გარშემო უფსკრული ჩამოაყალიბეს.

კანდორ-ჩასმა მარსის ერთ-ერთი უდიდესი კანიონია, რომელიც ამოჭრა წყალმა, მეწყრებმა, ქარმა და ალბათ ტექტონიკურმა აქტივობამაც მილიარდობით წლის განმავლობაში.
რეგიონი ასევე დაფარულია გეოლოგიური წარმონაქმნებით, რომლებსაც მეცნიერები „რელიეფის დადებით შვერილებს“ უწოდებენ. ეს გახლავთ წარსულში ჩამარხული კლდოვანი სტრუქტურები, რომლებიც უფრო გამძლეა, ვიდრე ის ქვენაფენი ქანი, რომელიც მათ ერთ დროს გარს აკრავდა; მას შემდეგ, რაც ეროზიამ ეს ქანები გამორეცხა, შვერილები მიწიდან ამომართული დარჩა.
ეს შვერილები პატარა არაა. დიამეტრში ხშირად კილომეტრებს აღწევენ, სიმაღლეში კი ათეულობით მეტრს. კანდორის ტეტრაედრონის დიამეტრი დაახლოებით 290 მეტრია, სიმაღლე 145 მეტრი და ოდნავ მაღალია სხვა ტიპურ შვერილებზე, მაგრამ მაინც ჯდება შრებიანი კლდის ამ უფრო ფართო ლანდშაფტში, რომლისგანაც გამოჭრილია იზოლირებული ბორცვები.
ის არ განსხვავდება დედამიწაზე არსებული ბუნებრივი პირამიდებისგან. კოლუმბიაში არის მთა, სახელად სერო-ტუსა, რომელიც ზედაპირიდან 457 მეტრის სიმაღლეზეა აღმართული, საძირკველი კი 1,8 კილომეტრია. ჩინეთის გუიჯოუს პროვინცია ცნობილია პირამიდის მსგავსი მთების სიუხვით.

თუკი პირამიდის ფოტოს ახლოდან დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ის ეოლური ჭავლების ლანდშაფტშია განთავსებული — ჭავლურ ქედებში, რომლებიც მარსის ქარების მიერ არის ამოკვეთილი, რაც მიმდინარე ეროზიაზე მიუთითებს.
ასევე დაინახავთ, რომ მთებზე ქედები გეომეტრიულად ისეთი სრულყოფილი არაა, როგორც ეს შეიძლება იყოს ხელოვნური სტრუქტურის შემთხვევაში; ქედები მოუხეშავი და არათანაბარია, სხვადასხვაა სამივე გვერდის ზომაც.

ადამიანური შაბლონების ამოცნობა ძლიერი რამ არის; ჩვენ ვერ უარვყოფთ უაზრო მონაცემებში მნიშვნელობის ძიებას. ჩვენ განსაკუთრებით ვნებიანად ვხვდებით ყველაფერს, რაც შეიძლება სხვა ადამიანს ან სახეს ჰგავდეს, მაგრამ გეომეტრიულ ფორმებსა და სტრუქტურებსაც შეუძლია ჩვენი ყურადღების მიპყრობა.
ამ ფსიქოლოგიურ ფენომენს პარეიდოლია ეწოდება. მარსის გეოლოგიამ და ამინდმა წარმოქმნა ლანდშაფტი, რომელიც ერთდროულად საოცრად ნაცნობიცაა და ამავდროულად დედამიწისგან ძლიერ განსხვავებულიც.
მარსის ორბიტერების მგავსი ტექნოლოგიების წყალობით, ეს ლანდშაფტი საოცარ დეტალებში შეგვიძლია ვიკვლიოთ.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.