გლობალური ჰაერის ხარისხის მონიტორინგის პლატფორმა IQAir-ის უახლესი ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა კვლავ ვერ აკმაყოფილებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დადგენილ ჰაერის უსაფრთხო სტანდარტებს. კვლევა აჩვენებს, რომ მსოფლიო ქალაქების მხოლოდ 14% აღწევს PM2.5-ის ნორმატიულ მაჩვენებელს, რაც ჰაერის დაბინძურების კრიტიკულ მასშტაბზე მიუთითებს.
ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში მხოლოდ 13 ქვეყანა სუნთქავს უსაფრთხო ჰაერით. ევროპის კონტინენტიდან ამ სიაში მხოლოდ სამი ქვეყანა მოხვდა - ისლანდია, ანდორა და ესტონეთი. დანარჩენი ქვეყნები ძირითადად კუნძულოვანი ტერიტორიებია, მათ შორის პუერტო-რიკო, ბარბადოსი და ბერმუდა, ასევე ავსტრალია.
საპირისპიროდ, ყველაზე მძიმე მდგომარეობა ფიქსირდება სამხრეთ და ცენტრალურ აზიაში. ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ქვეყნებად დასახელდნენ პაკისტანი, ბანგლადეში და ტაჯიკეთი, ხოლო მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად ინდოეთის ქალაქი ლოუნი დასახელდა.
საქართველო რეიტინგში 134 ქვეყანას შორის 62-ე ადგილზეა. ქვეყნის საშუალო წლიური PM2.5 მაჩვენებელი 16.4 მიკროგრამს შეადგენს კუბურ მეტრზე, რაც WHO-ის მიერ რეკომენდებულ 5 µg/m³-იან ზღვარს სამჯერ აღემატება.
ამ მონაცემების საფუძველზე, საქართველო ე.წ. „ნარინჯისფერ ზონაში“ ხვდება, რაც ნიშნავს, რომ ჰაერის ხარისხი უკვე წარმოადგენს რისკს განსაკუთრებით მგრძნობიარე ჯგუფებისთვის ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირებისთვის.
შიდა დაკვირვებებით, ყველაზე მაღალი დაბინძურება ფიქსირდება თბილისში და რუსთავში, რაც ურბანული ტრანსპორტის, ინდუსტრიული აქტივობისა და მტვრის კონცენტრაციას უკავშირდება.