სუპერსახელმწიფოებს, აშშ-სა და ჩინეთს შორის თამაში არანაირ წესებს აღარ ექვემდებარება. მაგრამ რამდენად ძლიერია ჩინეთი? სად დგანან ამ თამაშის დროს ევროპელები და სხვა პატარა ქვეყნები? როგორ შეუძლიათ საშუალო ძალის მქონე სახელმწიფოებს საკუთარი ინტერესების დაცვა? ეს საკითხები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თემაცაა.

2025 წლის სექტემბერში, მეორე მსოფლიო ომის დასრულების აღსანიშნავად პეკინში გამართულ გიგანტურ სამხედრო აღლუმზე კარგად გამოჩნდა, როგორ ხედავს დღეს საკუთარ თავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. „კაცობრიობამ კიდევ ერთხელ უნდა გააკეთოს არჩევანი ომსა და მშვიდობას, დიალოგსა და დაპირისპირებას, თანამშრომლობას, რომელშიც ყველა მოგებულია, და ნულოვანი ჯამის თამაშს შორის“, - ამ აღლუმზე სახელმწიფო და პარტიული ლიდერის, სი ძინპინის ეს საკვანძო განცხადება გახდა გზავნილი ყველა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, რომ მხარი დაუჭირონ სახალხო რესპუბლიკას და ზურგი აქციონ მის დიდ მეტოქეს - ამერიკის შეერთებულ შტატებს.

გამალებული ბირთვული შეიარაღება: აშშ, რუსეთი და ჩინეთი კონტროლს მიღმა დარჩნენ? (გერმანულ ენაზე)

ამერიკული საექსპორტო ბაზრის ალტერნატივები ჩინეთისთვის

ჩინეთის ლიდერის სიტყვას აღლუმზე 20-ზე მეტმა სახელმწიფოს მეთაურმა დაუკრა ტაში. მათ შორის იყო ვლადიმერ პუტინიც, რომლის საომარი ეკონომიკის მდგომარეობა ჩინეთის გარეშე ძნელად წარმოსადგენი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციებზე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან ი, უკრაინის ომთან მიმართებაში, ყოველთვის მშვიდობისმყოფელად წარმოაჩენს თავს, ჩინეთის მხრიდან ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმის ნიშნები ჯერჯერობით არ ჩანს.

„არსებული სიტუაცია პრობლემურია ჩინეთის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ გაჩაღებული სავაჭრო ომის კუთხითაც, - ამბობს დალიპ სინგჰი, რომელიც ბაიდენისა და ობამას ადმინისტრაციებში უსაფრთხოების მრჩევლად მუშაობდა, - სავაჭრო ომი ჩინეთისთვის ძალიან კარგად მიდის. საქონელი, რომელიც ადრე აშშ-ში შედიოდა, ახლა ევროპაში, აზიასა და გლობალურ სამხრეთში იყიდება. ჩინეთი იპყრობს ბაზარს თითქმის ყველა სტრატეგიულ სფეროში: იქნება ეს გემები, მანქანები, დრონები, ელემენტები, ფარმაცევტული პროდუქტები თუ მზის პანელები“.

სიტუაცია ტაივანში სულ უფრო საშიში ხდება

ეკონომიკური ძალა სულ უფრო მეტად ნიშნავს გეოპოლიტიკურ ძალასაც. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ტაივანის მაგალითზე. აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარე კუნძულს პეკინი დიდი ხანია ომით ემუქრება. ტაივანს, რომელიც უკვე ათწლეულებია, დემოკრატიულად იმართება, კომუნისტური სახალხო რესპუბლიკა საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. მართალია, აშშ დიდი ხანია სამხედრო მხარდაჭერას უწევს ტაივანს, მაგრამ ტაივანური ნახევარგამტარების ინდუსტრია, შესაძლოა, კიდევ უფრო უკეთესი თავდაცვის საშუალებაა - მსოფლიოში არსად მზადდება უფრო მძლავრი მიკროჩიპები, ვიდრე იქ. ისინი ყველას სჭირდება - მათ შორის ჩინეთსაც. ამის მიუხედავად, ეს მაინც არ არის სრულყოფილი დამცავი ფარი ტაივანისთვის.

იქნება თუ არა ომი 2027 წელს?

2027 წელს ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის 100 წლის იუბილე აღინიშნება. შეიძლება თუ არა, რომ ტაივანს მან სწორედ ამ დროს შეუტიოს? გეოპოლიტიკური რისკების საკონსულტაციო კომპანია Spear Institute--ის სამხედრო ექსპერტი, მაი-ბრიტ სტუმბაუმი ამბობს: „სი ძინპინი, როგორც პეკინში ჩემი წყაროებისგან გავიგე, ძალიან არის ჩაციკლული ამ თარიღზე“.

სტუმბაუმი და უამრავი სხვა ანალიტიკოსი შეშფოთებულია ბოლო პერიოდში იმ ჩინელი სამხედრო მაღალჩინოსნების დათხოვნით, რომლებიც ტაივანზე სწრაფი თავდასხმის შესახებ აკეთებდნენ განცხადებებს.

მაგრამ გაბედავს კი ჩინეთის არმია კუნძულზე შეჭრას? ტაივანში ხომ, თავად პეკინის აღიარებით, მისივე ხალხი ცხოვრობს? „ტაივანის მიწასთან გასწორებას სახალხო რესპუბლიკისთვის აზრი არ აქვს. განსაკუთრებით იქ არსებული ღირებულებების, მაგალითად, ნახევარგამტარების ინდუსტრიის გათვალისწინებით. ამასთან, ცხადია, რომ თუ კუნძულს ძალის გამოყენებით ჩაიგდებს ხელში, იქ მცხოვრები ხალხის მორჩილებაში ყოლა პეკინს ძალიან ძვირად დაუჯდება“, - ამბობს სტუმბაუმი. მისივე შეფასებით, რომ ტაივანელი პოლიტიკოსების წინააღმდეგ კიბერშეტევები და ფსიქოლოგიური ომი სტაბილურად იზრდება. კუნძულისთვის ბლოკადის მოწყობამაც კი, შესაძლოა, მნიშვნელოვანი საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვები გაანადგუროს.

რა შეუძლიათ საშუალო ძალის მქონე ქვეყნებს?

შეუძლიათ თუ არა ევროკავშირს და საშუალო ძალის მქონე ქვეყნებს, წინ აღუდგნენ ორ სუპერსახელმწიფოს? კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის მიერ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გაკეთებული განცხადების თანახმად, ეს შესაძლებელია. მას, სავარაუდოდ, იგივე გზავნილი ექნება მიუნხენშიც - საშუალო ძალების მქონე ქვეყნებმა ერთად უნდა იმოქმედონ, რადგან თუ ისინი ერთ მაგიდასთან არ იქნებიან, მენიუში აღმოჩნდებიან.

„კანადამ ძალიან კარგად აჩვენა, რომ ეს საქმე უიმედო ნამდვილად არ არის. გარდა ამისა, არსებობს იაპონია, არსებობს სამხრეთ კორეა, არსებობს ავსტრალია, არსებობენ ევროპული ქვეყნები, რომლებსაც ამ მიმართულებით სიარული სურთ. ჩვენ მათთან უკეთესი კოორდინაცია გვჭირდება“, - მიიჩნევს მეი-ბრიტ სტუმბაუმი.

წყარო: 1 არხი