ავსტრალიური ავიაკომპანია Qantas და Airbus მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პირდაპირი ფრენის გამოცდას ჩაატარებენ,- ამის შესახებ AirJournal წერს.

სატესტო ფრენა შესრულდება ულტრაგრძელმარშრუტიან თვითმფრინავზე Airbus A350-1000ULR, რომელიც შექმნილია ავსტრალიის ავიაკომპანიის პროექტისთვის Sunrise — მიზანი ავსტრალიას, ევროპასა და აშშ-ს შორის პირდაპირი, გადაჯდომის გარეშე ფრენების დანერგვაა.

თვითმფრინავს დამატებითი საწვავის ავზი აქვს, რომლის მოცულობა 20 ათას ლიტრს შეადგენს. ლაინერს შეუძლია საწვავის შევსების გარეშე დაახლოებით 17.9 ათასი კილომეტრის დაფარვა, საკრუიზო სიჩქარე კი საათში 905 კილომეტრია.

ფრენა საფრანგეთის ტულუზა-ბლანიაკის აეროპორტიდან დაიწყება და დაახლოებით 22 საათს გაგრძელდება. თვითმფრინავი მელბურნში 24 ივლისს, შუადღის პერიოდში დაეშვება. ამ ეტაპზე ბორტზე სამგზავრო სალონი ჯერ არ არის მოწყობილი — ფრენის დროს ინჟინრები შეაგროვებენ მონაცემებს თვითმფრინავის საბორტო და საწვავის სისტემების მუშაობის შესახებ.

Qantas-ს Airbus-ისგან მსგავსი ტიპის 12 თვითმფრინავი აქვს შეკვეთილი. პირველი მიწოდება 2027 წლის აპრილში იგეგმება, ხოლო ავიაკომპანია ახალი ლაინერებით კომერციული ფრენების დაწყებას 2027 წლის მეორე ნახევარში გეგმავს.