საფრანგეთმა სახელმწიფო ვალის შემცირებაზე მეტად მისი სტაბილიზაცია უნდა დაისახოს მიზნად, მიიჩნევენ ეკონომისტები. ამის შესახებ გამოცემა Sud Ouest წერს.
მათი შეფასებით, სახელმწიფო ვალის 2032 წლისთვის სტაბილიზაციისთვის საჭიროა ბიუჯეტის €126 მილიარდით კორექტირება, რომლის განხორციელებაც უკვე 2027 წლიდან უნდა დაიწყოს.
ეკონომისტების პროგნოზით, არსებული ფისკალური პოლიტიკის შენარჩუნების შემთხვევაში, 2030 წლისთვის ბიუჯეტის დეფიციტი შესაძლოა მშპ-ის 6.8%-მდე გაიზარდოს, ხოლო სახელმწიფო ვალმა მშპ-ის 130.5%-ს მიაღწიოს.
მათი შეფასებით, აღნიშნული ტენდენცია განპირობებულია სახელმწიფო ვალზე საპროცენტო ხარჯების ზრდით, თავდაცვის ხარჯების მატებითა და საგადასახადო შემოსავლების შემცირებით.
პრობლემის გადასაჭრელად ეკონომისტები კომპლექსურ მიდგომას გვთავაზობენ, რომელიც მოიცავს როგორც სახელმწიფო ხარჯების შემცირებასა და შემოსავლების ზრდას, ისე ეკონომიკის სტიმულირებას. მათი თქმით, ამ გეგმის წარმატებით განხორციელებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა პოლიტიკურ ნებას ექნება.