სოციალურ ქსელ Telegram-ში გამოქვეყნებული ათასობით განცხადების გზით ხდება იმ ადამიანების მოძიება, რომლებიც ევროპაში დივერსიული და ჯაშუშური დავალებების შესრულებას დათანხმდებიან – ასეთი სურათი პოლონური მედიასაშუალება Vot Tak-ის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გამოიკვეთა. დამქირავებლების შეთავაზებებში, სხვა წინადადებებთან ერთად, ლატვიაში დივერსიული საქმიანობის განხორციელებაც შედის.

Vot Tak-ის სრულ ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი ადამიანების გადაბირების მცდელობები, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედების ჩასადენად. ამ ქსელის გამოვლენაში, სხვებთან ერთად, მონაწილეობდა ჟურნალისტი, რომელიც ლიეტუვაში, პაბრადეს სამხედრო პოლიგონის მახლობლად მცხოვრებ უკრაინელად ასაღებდა თავს (ამ პოლიგონს, ლიეტუვასთან ერთად, ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნებიც იყენებენ). მას იქ განლაგებული სამხედრო ტექნიკის გადაღება შესთავაზეს.

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ნატო-ს სამხედრო ტექნიკისთვის ცეცხლის წაკიდებაში დამქირავებლები დიდ თანხას – 1 500 აშშ დოლარს (დაახლოებით 1 300 ევრო) – იხდიან, უკრაინული სახელმწიფო ნომრების მქონე ძვირადღირებული ავტომობილის დაწვისთვის კი კლიენტს 1 000 აშშ დოლარს (დაახლოებით 870 ევრო) ჰპირდებიან.

პრორუსი დამქირავებელი-კურატორები ფულად ჯილდოს ბალტიის ქვეყნებში უკრაინული დრონების არსებობის „მტკიცებულებების“ მოძიებისთვისაც გასცემენ, რაც კრემლის პოპულარული იდეას და აკვიატებას წარმოადგენს.

გადაბირების სქემის გამოძიების პროცესში, Vot Tak-ის ჟურნალისტი ასევე წააწყდა წინადადებას ლატვიაში დივერსიული საქმიანობის განხორციელების შესახებ. პროცესს კოორდინირებას უწევდა Telegram-ის მომხმარებელი ფსევდონიმით „მოროზი“, რომელიც რუსულ ენაზე საუბრობდა.

„მოროზმა“ ჟურნალისტს იმ სამიზნე ოფისის ფოტოები გაუგზავნა, რომლისთვისაც, „ფანჯრიდან რამდენიმე მოლოტოვის კოქტეილის სროლის გზით“, ცეცხლი უნდა წაეკიდებინათ. მოგვიანებით, დამქირავებელმა იმ ორგანიზაციის სახელიც გაამჟღავნა, რომლის წინააღმდეგაც თავდასხმა იგეგმებოდა – ეს იყო ლატვიაში მოქმედი უკრაინული ასოციაციების კონფედერაცია „ვიჩე“ (Viche).

ეს უკანასკნელი საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაერთიანებაა, რომელიც ლატვიაში მცხოვრები უკრაინელების ინტერესებს იცავს და, სხვა საქმიანობასთან ერთად, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასა და უკრაინული თემისთვის შემოწირულობების შეგროვებას უზრუნველყოფს. „ვიჩეს“ ოფისის გადაწვისთვის, „მოროზი“, ჯილდოს სახით, 3 000 აშშ დოლარს (დაახლოებით 2 600 ევრო) იხდიდა, ანაზრაურება კი კრიპტოვალუტაში უნდა მომხდარიყო.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლატვიაში კრიმინალური დავალებების შესაკვეთად Telegram-ს იყენებენ. 2024 წელს ამავე გზით დაიგეგმა თავდასხმა ოკუპაციის მუზეუმზე, როდესაც შენობაში ბენზინით სავსე ბოთლი შეაგდეს.

როგორც მაშინ ტელეკომპანია TV3, ონლაინ გამოცემა „Dossier Center“-ზე დაყრდნობით, იტყობინებოდა, ეს იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ოპერაცია და მას რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი კურირებდა.