საქართველოს მთავრობამ ინვესტიციების სააგენტოს დებულება დაამტკიცა, რომლითაც განისაზღვრა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფუნქციები, სტრუქტურა და უფლებამოსილებები. სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებს და მისი საქმიანობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ექსპორტის ხელშეწყობასა და საჯარო-კერძო პარტნიორობის (PPP) პროექტების კოორდინაციას მოიცავს.

დადგენილების მიხედვით, სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება პრიორიტეტულ სექტორებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ქვეყანაში მიმდინარე საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერა იქნება. ასევე, უწყება რეინვესტირების წახალისებაზე, საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაციასა და პოტენციური ინვესტორებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე იმუშავებს.

სააგენტოს ფუნქციებში შედის საექსპორტო ბაზრების იდენტიფიცირება, საერთაშორისო გამოფენების, სავაჭრო მისიებისა და B2B შეხვედრების ორგანიზება, ასევე ექსპორტიორი კომპანიებისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.

ახალ უწყებას დაეკისრება საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PPP) პროექტების კოორდინაციაც. სააგენტო მონაწილეობას მიიღებს პროექტების იდენტიფიცირებაში, კონცეფციების შეფასებაში, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებაში სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერასა და პროექტების მონიტორინგში. გარდა ამისა, იგი შექმნის და მართავს მიმდინარე და დასრულებული PPP პროექტების მონაცემთა ბაზას.

სააგენტოს ხელმძღვანელს ეკონომიკის მინისტრი დანიშნავს. ორგანიზაციის სტრუქტურა ექვს დეპარტამენტს მოიცავს: ინვესტიციების, ექსპორტის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის, სტრატეგიული კომუნიკაციის, ადმინისტრაციულ, ასევე კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტებს.

სააგენტოს დაფინანსების წყაროებად სახელმწიფო ბიუჯეტი, გრანტები და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლებია განსაზღვრული. ამასთან, უწყება ვალდებული იქნება ყოველწლიურად გამოაქვეყნოს საქმიანობის ანგარიში საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე.

ინვესტიციების სააგენტო 2026 წლის აპრილში „აწარმოე საქართველოს“ რეორგანიზაციის შედეგად, „ეკონომიკის განვითარების კორპორაციასთან“ ერთად შეიქმნა. სააგენტოს თავმჯდომარედ მიხეილ ხიდურელი დაინიშნა, ხოლო ეკონომიკის განვითარების კორპორაციას ირაკლი გაბრიაძე ხელმძღვანელობს.

ცნობისთვის, ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში მოქმედი ეროვნული საინვესტიციო სააგენტო 2017 წელს გაუქმდა და მისი ფუნქციები მაშინდელ „მეწარმეთა სააგენტოს“, მოგვიანებით კი „აწარმოე საქართველოს“ გადაეცა.