2025 წელს საქართველოში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა დაახლოებით 160 ათასმა ადამიანმა გაიარა, თუმცა გამოცდა წარმატებით მხოლოდ 19%-მა დაასრულა,- ამის შესახებ ინფორმაცია "რადიო თავისუფლებას" შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ეს რეკორდული რაოდენობის გამოცდებია, რაც საგამოცდო სისტემის დატვირთვაზე მიუთითებს. მართვის მოწმობის მსურველები ძირითად პრობლემებად თავისუფალი ადგილების ნაკლებობასა და ჯავშნების სირთულეს ასახელებენ.
ქალაქის გამოცდა B და BE კატეგორიებისთვის 2022 წლის აპრილიდან გახდა სავალდებულო. ცვლილების შემდეგ მართვის მოწმობის გაცემის რაოდენობა შემცირდა — 2025 წელს გამოცდა და მოწმობა 29 647-მა ადამიანმა მიიღო.
სააგენტოს ინფორმაციით, კანდიდატები ყველაზე ხშირად უშვებენ შეცდომებს „ბრმა ზონების“ შეუმოწმებლობის, სარკეების არასწორად გამოყენების, დისტანციის დაუცველობის, სიჩქარის გადაჭარბებისა და მანევრებისას შუქ-მაჩვენებლის არასწორად გამოყენების გამო.
უწყებაში აცხადებენ, რომ ჯავშნების სისტემაში 15 ივლისს შეტანილი ცვლილებები გამოცდებზე ხელახალი რეგისტრაციის პროცესს გაამარტივებს და დატვირთვას შეამცირებს.