მასწავლებელთა ასაკობრივი სტრუქტურა და განათლების სფეროში ახალგაზრდა კადრების ნაკლებობა სექტორის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება, ნათქვამია Galt&Taggart-ის განათლების სექტორის მიმოხილვაში.
კვლევის მიხედვით, 2025 წელს საქართველოში მოქმედი მასწავლებლების 55% 50 წელს გადაცილებული იყო, მაშინ როცა 2015 წელს მათი წილი 44%-ს შეადგენდა.
საინვესტიციო ბანკი აღნიშნავს, რომ ახალი კადრების მოზიდვას, მათ შორის, დაბალი ანაზღაურება აფერხებს. ამის ერთ-ერთ მიზეზად კი მასწავლებელთა ჭარბი რაოდენობა სახელდება. საქართველოში ერთ მასწავლებელზე საშუალოდ 9.7 მოსწავლე მოდის, მაშინ როცა OECD-ის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 13.9-ს შეადგენს.
Galt&Taggart-ის შეფასებით, მასწავლებელთა ჭარბი მიწოდება განსაკუთრებით რეგიონებშია გავრცელებული, ხოლო დიდ ქალაქებში მოსწავლე-მასწავლებლის თანაფარდობა საერთაშორისო მაჩვენებლებს უფრო უახლოვდება.
მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ მასწავლებელთა ხელფასების ზრდამ სექტორის ფინანსურ მაჩვენებლებზე გავლენა მოახდინა. კერძოდ, 2024 წელს ზოგადი განათლების სფეროში შრომითი ხარჯების წილი შემოსავლებში 68%-მდე გაიზარდა, მაშინ როცა 2017-2023 წლებში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 61% იყო.
Galt&Taggart-ის ინფორმაციით, საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა, როგორც წესი, კერძო სკოლების ანაზღაურების პოლიტიკაზეც აისახება, რაც კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის პერსონალის ხარჯების ზრდას და მომგებიანობის შემცირებას იწვევს.