გამოცემა Reuters-ის ცნობით, NATO-ს მაღალჩინოსანმა 30 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთი ევროპაში ჰიბრიდულ ქმედებებს აძლიერებს, თუმცა, ამ ეტაპზე ალიანსი მყისიერი თავდასხმის საფრთხეს ვერ ხედავს.
"მიუხედავად იმისა, რომ რუსები უკრაინის მხრიდან მნიშვნელოვან წინააღმდეგობას აწყდებიან, ისინი აძლიერებენ უკრაინაზე თავდასხმებსა და ასევე ჰიბრიდულ ქმედებებს ევროპაში." – აღნიშნა NATO-ს მაღალჩინოსანმა.
"როგორც ყოველთვის NATO ფხიზელი და ყურადღებიანი რჩება ჩვენ წინაშე არსებული საფრთხეების მიმართ. ამ ეტაპზე ჩვენ თავდასხმის მყისიერ საფრთხეს ვერ ვხედავთ." – აღნიშნა მან და დაამატა, რომ ალიანსი "უკრაინის გვერდით დგომას განაგრძობს და NATO გააგრძელებს დღედაღამ მუშაობას, რათა ერთი მილიარდი ადამიანის უსაფრთხოება შეინარჩუნოს."
ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთი სერიოზულად ემზადება როგორც უკრაინის წინააღმდეგ ომში, ისე მთლიან რეგიონში დაძაბულობის ესკალაციისთვის.
"სხვადასხვა სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ და მომდევნო შვიდი-რვა თვე ნამდვილად კრიტიკული იქნება." – თქვა ტუსკმა.
ამას გარდა, 25 აგვისტოს რეტკლიფი მოულოდნელად მოსკოვში ჩავიდა. მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიზიტის დროს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა რუსი მაღალჩინოსნები გააფრთხილა, არ მოხდეს მოსკოვის მხრიდან NATO-ს წევრ ქვეყნებთან, განსაკუთრებით ესტონეთთან, ლატვიასა და ლიტვასთან, დაძაბულობის ესკალაცია.