კანადის ქალაქი მონრეალი 2027 წელს მოგზაურობისთვის მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქალაქების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. რეიტინგი სადაზღვევო კომპანია Berkshire Hathaway Travel Protection-მა გამოაქვეყნა. მეორე ადგილზე შვეიცარიის ციურიხია, მესამეზე კი ნიდერლანდების დედაქალაქი ამსტერდამი. 

კვლევა თავდაპირველად 38 პოპულარულ საერთაშორისო და ადგილობრივ მიმართულებას მოიცავდა, რომლებიც ამერიკელი მოგზაურებისთვის შეირჩა. შეფასებისას გათვალისწინებული იყო 1 500-ზე მეტი რესპონდენტის გამოკითხვის შედეგები - მათ ქალაქები პირადი გამოცდილების საფუძველზე, უსაფრთხოების სხვადასხვა კრიტერიუმით შეაფასეს. მონაცემები ასევე გაერთიანდა Numbeo-სა და The Economist-ის უსაფრთხოების ინდექსებთან და GeoSure Global-ის ქალაქების შეფასებებთან.

მონრეალმა რეიტინგში პირველ ადგილზე გადაინაცვლა, მაშინ როდესაც გასულ წელს ის მე-16 პოზიციას იკავებდა. ქალაქმა 82.18 ქულა მიიღო, რაც, კვლევის ავტორების შეფასებით, მათ შორის, დანაშაულის დაბალ დონეს უკავშირდება. ციურიხმა 81.03 ქულა დააგროვა, ამსტერდამმა კი — 80.81.

რეიტინგის პირველ 15 ქალაქს შორის ევროპიდან ცხრა მოხვდა. მათ შორის არიან რეიკიავიკი (მე-5 ადგილი), ოსლო (მე-6), ვენეცია (მე-8), დუბლინი (მე-11), კოპენჰაგენი (მე-12), ბარსელონა (მე-13) და პარიზი (მე-15). ათეულში ასევე არიან ტოკიო, სინგაპური, სიდნეი და ჰონოლულუ.

\