მკაცრად ვგმობ ბულგარეთის სანაპიროსთან სავაჭრო გემებზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, შავი ზღვა უკრაინაში რუსეთის ომის ესკალაციის კიდევ ერთ ფრონტად იქცა, რაც მიუღებელია.

„მკაცრად ვგმობ ბულგარეთის სანაპიროსთან სავაჭრო გემებზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმებს. ეს ქმედებები ეკიპაჟის წევრების სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის და შავ ზღვაში უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს. მხარს ვუჭერთ ბულგარეთს და მადლობას ვუხდით სამაშველო სამსახურებს ოპერატიული რეაგირებისთვის. პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ”, - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

შეგახსენებთ, ბულგარეთის სანაპიროსთან დრონებით ორ გემზე შეტევა განხორციელდა, ერთ-ერთი მათგანი ჩაიძირა. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა განაცხადა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის ელჩს დაიბარებენ. „არ გაგვაჩნია მკაფიო და უტყუარი მტკიცებულებები იმისთვის, რომ პასუხისმგებლობა რომელიმე მხარეს დავაკისროთ. თუმცა, ლოგიკა იმაზე მიუთითებს, რომ ეს შედეგი რუსეთის ფედერაციის ინტერესებშია. ამიტომ, დღეს შეხვედრაზე რუსეთის ელჩს დავიბარებ”, - აღნიშნა ბულგარეთის პრემიერმა.

ipn.ge