Salesforce-ის პროგნოზით, 2026 წლის Cyber Week-ის, რომელიც 24-30 ნოემბერს გაგრძელდება, განმავლობაში გლობალური ონლაინ გაყიდვები რეკორდულ 357 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ეს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%-იანი ზრდა იქნება. კომპანიის შეფასებით, ამ შესყიდვებიდან 75.8 მილიარდი დოლარის, ანუ მთლიანი გაყიდვების 21%-ის გადაწყვეტილებებზე ხელოვნური ინტელექტი და AI-აგენტები მოახდენენ გავლენას.
Salesforce-ის მონაცემებით, საცალო ვაჭრობის ვებგვერდებზე ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მიმართული ტრაფიკი წლიურად 104%-ით გაიზარდა. ამასთან, AI-რეკომენდაციები სადღესასწაულო სავაჭრო პერიოდში განხორციელებული შეკვეთების დაახლოებით მეხუთედზე მოახდენს გავლენას. აღსანიშნავია, რომ AI-რეფერალებით ონლაინ მაღაზიებში მოხვედრილი მომხმარებლები შესყიდვას ორჯერ უფრო ხშირად ახორციელებენ, ვიდრე ელექტრონული კომერციის საშუალო მომხმარებლები.
კომპანიის კვლევის მიხედვით, მომხმარებლები ხელოვნურ ინტელექტს სულ უფრო ხშირად იყენებენ საჩუქრების მოსაძებნად, ფასების შესადარებლად და პროდუქციის შესარჩევად. გამოკითხულთა 31%-ს უკვე გამოუყენებია პერსონალური AI-აგენტი, ხოლო თითქმის 20% სადღესასწაულო შოპინგს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იწყებს. მომხმარებელთა 74% აცხადებს, რომ AI-ის რეკომენდაციებს ენდობა.
Salesforce-ის პროგნოზით, Cyber Week-ისთვის საცალო ვაჭრობის კომპანიების დაახლოებით მესამედს საკუთარ ვებგვერდებზე სავაჭრო AI-აგენტები ექნება დანერგილი. კომპანიის მონაცემებით, მომხმარებლები, რომლებიც ბრენდების AI-აგენტებს იყენებენ, თითოეულ შეკვეთაზე საშუალოდ 8%-ით მეტს ხარჯავენ, ხოლო მათ კალათაში პროდუქციის რაოდენობა 23%-ით მეტია.
კვლევა Salesforce-ის Shopping Index-ს ეფუძნება, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 1.5 მილიარდზე მეტი მომხმარებლის სავაჭრო აქტივობასა და 1.5 ტრილიონ გვერდის ნახვას აანალიზებს. კომპანია აღნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტი საცალო ვაჭრობაში მხოლოდ პროდუქციის მოძიების ინსტრუმენტი აღარ არის და მომხმარებლის შესყიდვის გადაწყვეტილებებზე სულ უფრო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.