პალეოლითის პერიოდის არტეფაქტებზე ამოკვეთილი ათასობით ნიშანი მიუთითებს, რომ ადრეული თანამედროვე ადამიანები კომუნიკაციისთვის სტრუქტურირებულ სიმბოლოებს ჯერ კიდევ 40 000 წლის წინ იყენებდნენ. ამ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები დეტალური ანალიზის შემდეგ.

ნიშნები ორინიაკური კულტურის ხალხის მიერ არის ამოკვეთილი დაახლოებით 43 000 – 34 000 წლის წინ და საკმარისად კომპლექსური არ არის, რათა მკაცრი გაგებით ნაწერად ჩაითვალოს — ისინი პირდაპირ არ წარმოადგენენ სალაპარაკო ენას.

თუმცა, მათი სხვადასხვა ობიექტზე განლაგება, აჩვენებს გაზომვად სტრუქტურას, რომელიც შედარებადია დაახლოებით 5300 წლის წინ გაჩენილ უძველეს პროტოკუნეიფორმულ სისტემებთან.

ზაარლანდის უნივერსიტეტის ლინგვისტის, კრისტიან ბენცისა და ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების არქეოლოგის, ევა დუტკიევიჩის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, ისინი შეიძლება დამწერლობის ადრეულ წინამორბედს წარმოადგენს.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ სიმბოლოებით ციფრები ან იდეებია დაშიფრული პროტოკუნეიფორმული დამწერლობის მსგავსად.

ბენცისა და დუტკიევიჩის განცხადებით, ეს ნიშნები „ამტკიცებს, რომ ევროპაში გამოჩენილი პირველი მონადირე-შემგროვებლები უკვე იყენებდნენ მსგავსი სირთულის ნიშნების თანმიმდევრობებს განზრახული, სისტემატური და ტრადიციული გზით — ნამდვილი დამწერლობის გაჩენამდე რამდენიმე ათეული ათასი წლით ადრე.

ერთ-ერთი თვისება, რომელიც ადამიანებს გამოარჩევს, არის უნარი საერთო სიმბოლური სისტემების შექმნისა, რომლებიც ინახავს და გადასცემს ინფორმაციას, იქნება ეს დამწერლობის სისტემები, ძვლებში ამოკვეთილი შესატყვისი ნიშნები, ანდაც ემოჯიების ნაკრები თქვენი ტელეფონის სამესიჯო აპლიკაციაში.

მრავალი ეს სისტემა დროში დაიკარგა. თავად არტეფაქტები შეიძლება ისე დაზიანდა, რომ ამოცნობაც ჭირს ან მათი გაგებისთვის საჭირო კულტურული ცოდნაა გაქრა. ამიტომ, რთულია იმის დადგენა, პირველად როდის ან როგორ დაიწყეს ადამიანებმა გონების მიღმა ინფორმაციის შესანახად ნიშნების გამოყენება.

მიუხედავად იმისა, რომ არ შეგვიძლია გავშიფროთ, რას ნიშნავს ეს კონკრეტული სიმბოლოები, მათი გამოყენების მახასიათებლებმა შეიძლება ცხადყოს, როგორ ფუნქციონირებდა ისინი. ბენცი და დუტკიევიჩი სტატისტიკურ ანალიზში ფოკუსირდნენ ორინიაკური კულტურის 260 პორტატულ ობიექტზე; ამ კულტურის ხალხი თანამედროვე სამხრეთ გერმანიის ტერიტორიაზე, მღვიმეების ჯგუფში ცხოვრობდა.

ობიექტებს შორისაა სპილოს ძვლის, ძვლისა რა რქისგან გამოკვეთილი ფიგურები და სხვა არტეფაქტები. მრავალი მათგანი მორთულია ისეთი ნიშნებით, როგორიცაა წერტილები, ხაზები, V-სებრი ორნამენტები, ჯვრები, ზიგზაგები, ვარსკვლავები და დაშტრიხული ბადეები.

არტეფაქტებში მკვლევრებმა აღრიცხეს 3000-ზე მეტი ცალკეული ნიშანი, დააჯგუფეს სხვადასხვა კატეგორიად და ჩაიწერეს იმ ობიექტთა ტიპი, რომლებზეც ისინი იყო ამოკვეთილი. მონაცემთა ეს ბაზა სტატისტიკური ანალიზის საფუძვლად გამოიყენეს.

ალგორითმებისა და ინფორმაციულ-თეორიული მოდელების გამოყენებით, ეძებდნენ ნიმუშებს ნიშნების განლაგებაში. ჯგუფმა გაზომა ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა განმეორების მაჩვენებლები, სიმბოლოების ტიპების მრავალფეროვნება და ენტროპია — სტატისტიკური საზომი იმისა, რამდენი ინფორმაციის ტარება შეუძლია თანმიმდევრობას. ამ საზომებს ხშირად იყენებენ ენისა და ადრეული დამწერლობის სისტემების შესასწავლად.

შედეგები მიუთითებს, რომ ამოკვეთილი ნიშნები შემთხვევითი სულაც არ იყო.

სიმბოლოები ჩნდებოდა განზრახული, გაზომვადი სტრუქტურით, განმეორებადი თანმიმდევრობით. სხვადასხვა ტიპის ობიექტებს განსხვავებული მახასიათებლები ჰქონდათ; მაგალითად, ფიგურები ინფორმაციის სიმკვრივით თანმიმდევრობას ატარებდნენ — უფრო სტრუქტურირებულ ვარიაციებს მიმდევრობის შიგნით — დაახლოებით 15 პროცენტით მეტად, ვიდრე ხელსაწყოები.

თავის მხრივ, ხელსაწყოებს დაახლოებით 10 პროცენტით მაღალი სიმკვრივე აღენიშნებოდა, ვიდრე მილებს ან ფლეიტის მსგავს არტეფაქტებს და დაახლოებით 15 პროცენტით მაღალი, ვიდრე პერსონალურ ორნამენტებს.

ეს მახასიათებლები სტაბილურადაა დარჩენილი დაახლოებით 10 000 წლის განმავლობაში, რაც მიუთითებს, რომ ისინი თანმიმდევრულ, საზიარო ფუნქციას ასრულებდნენ, ვიდრე უბრალოდ დეკორაციისა. მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს ფუნქცია არ არის სალაპარაკო ენის ჩაწერა; მახასიათებლები წერასთან შეუსაბამოა; დამწერლობა კი, როგორც ცნობილია, დაახლოებით 5000 წლის წინ გამოჩნდა.

მკვლევართა ვარაუდით, ორინიაკური სიმბოლოები წარმოადგენს ადამიანთა ურთიერთობის ფორმას, იმის მიუხედავად, რომ მათი ზუსტი მნიშვნელობა ახლა უკვე დაკარგულია. მართალია, მათი მნიშვნელობა შეიძლება ვერასოდეს გავიგოთ, მაგრამ აღმოჩენა მიუთითებს, რომ ადამიანები ინფორმაციას ინახავდნენ და მის სტრუქტურირებას ახდენდნენ დამწერლობის პირველი სისტემების გაჩენამდე ათეულობით ათასი წლით ადრე.

„რთული ან საერთოდ შეუძლებელია იმის დამტკიცება, რომ ორინიაკური ნიშნების სისტემა იმავე ნუმერო-იდეოგრაფიულ ფუნქციებს ასრულებდა, რასაც პროტოკუნეიფორმული. ამას გარდა, მათ შორის კიდევ ერთი მკვეთრი კონტრასტია: პროტოკუნეიფორმული განვითარდა სრულფასოვან დამწერლობის სისტემად, რომელიც წარმოადგენდა შუმერულ ენას მომდევნო 1000 წლის განმავლობაში. მეორე მხრივ, შვაბიურ-ორინიაკური ნიშნების მიმდევრობა ინფორმაციის სიმკვრივის თვალსაზრისით სტაბილურობას ინარჩუნებდა 10 000 წლის განმავლობაში, შემდეგ კი გაქრა“, — წერენ მკვლევრები.

კვლევა Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია New Scientist-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო: პირველი არხი