წამყვან მეცნიერთა პროგნოზით, 2026 წელი ყველაზე ცხელი წელი იქნება აღრიცხულთა შორის — როგორც კლიმატის ცვლილების, ისე ელ-ნინიოს მძლავრი ეფექტის გამო.

ამჟამინდელ რეკორდს 2024 წელი ფლობს, როცა გლობალურმა საშუალო ტემპერატურამ 1,5°C-ით პირველად გადააჭარბა ინდუსტრიალიზაციამდელ საშუალო მაჩვენებელს.

2026 წლის მეორე ნახევარში თითქმის გადაჭრით დაიწყება ელ-ნინიო — ბუნებრივი კლიმატური ფაზა, როცა თბილი წყალი ვრცელდება წყნარი ოკეანის ეკვატორულ ნაწილში, რაც მთლიან პლანეტას ათბობს. ზოგიერთი მოდელის თანახმად, ეს იქნება „სუპერ ელ-ნინიო“ და ალბათ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი. მრავალი მეცნიერის აზრით, ამის გამო, ახალი გლობალური ტემპერატურული რეკორდი დამყარდება 2027 წელსაც, როცა ელ-ნინიო სრული ძალით დაიწყებს მოქმედებას.

თუმცა, კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარი ჯეიმს ჰანსენი, რომელმაც 1988 წელს კონგრესის წინაშე განაცხადა, რომ დედამიწას ადამიანები ათბობენ, ამჯერად თავის კოლეგებთან ერთად ირწმუნება, რომ ეს რეკორდი უკვე 2026 წელს მოიხსნება.

„რა თქმა უნდა, 2027 წელიც ცხელი იქნება“, — წერენ ისინი.

ტემპერატურას ამჟამად ლა-ნინია ამცირებს — ელ-ნინიოს „კოლეგა“, რომელიც პლანეტას აციებს. 2026 წლის პირველი სამი თვე საშუალოდ 0,1°C გრადუსით უფრო ცივია, ვიდრე 2024 წლის პირველი სამი თვე იყო. 2026 წლის დანარჩენი ნაწილი გაცილებით ცხელი უნდა იყოს, რათა 2024 წლის რეკორდი მოიხსნას.

წლიურ ტემპერატურაზე პირველი სამი თვის საშუალო ეფექტის საფუძველზე, კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარმა ზიკ ჰაუსფატერმა პორტალ Carbon Brief-ზე გააკეთა პროექცია, რომლის თანახმადაც, 2026 წელი 1,47°C-ით მაღალი იქნება ინდუსტრიალიზაციამდელ საშუალო მაჩვენებელზე, ანუ მეორე ყველაზე ცხელი წელი აღრიცხულთა შორის.

თუმცა, ჰანსენი და მისი კოლეგები ამბობენ, რომ ეს, სავარაუდოდ, არასათანადო შეფასებაა. მართალია, მეცნიერები დიდწილად თანხმდებიან, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება და ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ კაცობრიობამ შეამცირა ჰაერის დაბინძურება, რაც მზის სინათლეს ბლოკავდა — ჰანსენი ირწმუნება, რომ დათბობის მაჩვენებელი იმაზე მაღალია, ვიდრე ამას კლიმატის მოდელები აჩვენებს.

თავიანთ პოსტში ისინი წერენ, რომ ზღვის ზედაპირის ტემპერატურა, რაზედაც ნაკლებად ზემოქმედებს ამინდის რყევები — მიუთითებს, რომ პლანეტა ახლა 0,17°C-ით თბილია, ვიდრე 2023 წელს იყო, როცა 2023-2024 წლების სეზონის ელ-ნინიო დაიწყო. სხვაობა ნამდვილად დიდია, ვიდრე 2024-ში, როცა გლობალური საშუალო ტემპერატურა მხოლოდ 0,11°C-ით მაღალი იყო 2023 წლის მაჩვენებელზე.

„ეს ზღვარი საკმარისად ფართოა იმისთვის, რათა ვივარაუდოთ, რომ 2026 წელი ყველაზე თბილი წელი იქნება“, — წერენ მკვლევრები.

სხვა მეცნიერები ამაში დარწმუნებული არ არიან. გასული წლის დეკემბერში ბრიტანეთის მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წლიური პროგნოზის თანახმად, 2026 წელი საშუალოდ 1,46°C-ით მაღალი უნდა იყოს ინდუსტრიალიზაციამდელ საშუალო მაჩვენებელზე, დიაპაზონად კი ასახელებს 1,34°C — 1,58°C-ს. სამსახურის მეტეოროლოგის, ადამ სკაიფის განცხადებით, ჯერ ადრეა იმის პროგნოზი, რომ 2026 წელი მოხსნის 2024-ის რეკორდს.

რადგან წყნარი ოკეანის ეკვატორული ნაწილი გათბობას აგრძელებს და ელ-ნინიო წინაა, მეტად სავარაუდო ხდება რეკორდული გლობალური ტემპერატურაც.

30 აპრილს გამოქვეყნებულ ბლოგპოსტში ზიკ ჰაუსფატერს გამოთვლილი აქვს, რომ 26 პროცენტია შანსი იმისა, 2026 წელი აღრიცხულთა შორის ყველაზე ცხელი იყოს, 56 პროცენტი კი იმის შანსი, რომ მეორე ყველაზე ცხელი იყოს.

ზუსტად როგორიც არ უნდა იყოს გლობალური ტემპერატურა, ელ-ნინიოს დადგომის გამო, მსოფლიოში ექსტრემალური ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება. ავსტრალია, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია, ცენტრალური და სამხრეთი აფრიკა, ამაზონის ტყეები — სითბური ტალღების, გვალვისა და ტყის ხანძრების რისკის ქვეშ აღმოჩნდებიან.

„რაზეც ვთანხმდებით, ისაა, რომ ელ-ნინიო გლობალური დათბობის უპრეცედენტო დონეს მიაღწევს. ეს ორი რამ, სავარაუდოდ, წლის ბოლოს უპრეცედენტო მოვლენებს მოგვიტანს“, — ამბობს ბრიტანეთის მეტეოროლოგიური სამსახურის მეტეოროლოგი ადამ სკაიფი.

მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.

წყარო: პირველი არხი